მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 აპრილი - დღე, როცა ნიუ-მექსიკოში Microsoft-ი დაფუძნდა

642c15e68cdd6
გიორგი არონია
04.04.23 23:00
1133
1975 წლის 4 აპრილს, ანუ ზუსტად ორმოცდარვა წლის წინ, კომპიუტერული მეცნიერებების ორმა სტუდენტმა, ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა, შტატ ნიუ-მექსიკოს ქალაქ ალბუკერკეში, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპანია - Microsoft-ი დააფუძნეს.

თავის დროზე, Microsoft-ი ერთი მცირე სტარტაპი იყო, რომელიც კონკრეტული მიზნისთვის შეიქმნა. ყველაფერი ჟურნალ “პოპულარული ელექტრონიკის” 1975 წლის იანვრის გამოცემის გარეკანს უკავშირდება, რომელზეც MITS-ის მიერ შექმნილი პერსონალური კომპიუტერი, Altair 8800 იყო გამოსახული. ამ კომპიუტერის დანახვაზე პოლ ალენმა მისთვის ინტერპრეტატორის შექმნა გადაწყვიტა, ანუ ისეთი პროგრამის, რომელიც საწყის კოდში მოცემულ ინსტრუქციებს წინასწარი კომპილაციის გარეშე ასრულებს და რეალურად, პროცესებს ამარტივებს.

ალენის ამ იდეით შთაგონებულმა გეიტსმა MITS-ს დაურეკა და უთხრა, მუშა ინტერპრეტატორი გვაქვსო, კომპანიამ კი დემონტრაცია მოითხოვა. ორ თვეში ახალგაზრდა პროგრამისტებმა კომპანიას პროგრამა წარმოუდგინეს, რომელიც უნაკლოდ მუშაობდა და MITS-ისგან მისი დისტრიბუციის შემოთავაზება მიიღეს. ამისთვის კი, გეიტსა და ალენს კომპანია სჭირდებოდათ, რისთვისაც Microsoft-ი დააფუძნეს.

ახალდაფუძნებულ კომპანიას სათავეში ბილ გეიტსი ჩაუდგა, პოლ ალენმა კი წლების განმავლობაში სხვადასხვა როლი მოირგო. ბავშვობის მეგობრების დუეტი ბიზნესშიც წარმატებული აღმოჩნდა და რამდენიმე წელიწადში, Microsoft-მა იაპონიაში პირველი საზღვარგარეთული ოფისი. მოგვიანებით, გეიტსმა და ალენმა კომპანიის სათავო ოფისი შტატ ვაშინგტონის ქალაქ ბელევუში გადაიტანეს, დღეს კი ის სიეტლთან ახლოს, ქალაქ რედმონდში არის განთავსებული.

ისე კი, შუღლი არც ბავშვობის ორ მეგობარს შორის იყო უცხო, რამაც, რეალურად, პოლ ალენი კომპანიის ყოველდღიური მართვიდან გადადგომის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. საქმე ისაა, რომ 1983 წელს, ექიმებმა პოლ ალენს ჰოჯკინის ლიმფონის დიაგნოზი დაუდგინეს, რის შემდეგაც ბილ გეიტსმა მის კოლეგას მისი აქციების გამოსყიდვა შესთავაზე - ბილ გეიტსი მზად იყო, პოლ ალენის თითოეულ აქციაში $5 გადაეხადა, მაგრამ შემოთავაზებაზე ალენმა უარი თქვა, Microsoft-ის აქციები დაიტოვა, კომპანიის ყოველდღიურ მართვას ჩამოშორდა და სხვა სექტორებში გადაინაცვლა. რამდენიმე წლის შემდეგ გეიტსი და ალენი შერიგდნენ.

დღეს, Microsoft-ი მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ორ ტრილიონ $150 მილიარდს აღემატება. Microsoft-ის ამხელა საბაზრო კაპიტალიზაცია, ცხადია, კომპანიის საკმაოდ დივერისიფიცირებულ პორტფელს უკავშირდება. ბილ გეიტსისა და პოლ ალენის მიერ შექმნილი კომპანია აწარმოებს, როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე ოპერაციულ სისტემებს, ღრუბლოვან გადაწყვეტებს და საძიებო სისტემას, რომელიც, ბოლო დროს, მასში ხელოვნური ინტელექტის ჩაშენების შემდეგ მეტად აქტუალური და პოპულარული გახდა.

ისე კი, Microsoft-ის ზრდასთან ერთად, ცხადია, გაიზარდნენ თავად Microsoft-ის დამფუძნებლებიც. ბილ გეიტსის ქონებას ამერიკული Forbes-ი $110 მილიარდად აფასებს, მაგრამ ამ ქონების უდიდესი ნაწილი, ბილ გეიტსს ქვემოქმედებისთვის აქვს გამიზნული. მილიარდერი გახდა პოლ ალენიც, რომლის ქონება, მისი გარდაცვალების დროს, $20 მილიარდზე მეტად იყო შეფასებული. დამფუძნებლებთან ერთად, ცხადია, გამდიდრდნენ კომპანიის თანამშრომლებიც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წლების განმავლობაში, მილიონერად Microsoft-ის 12 ათასი თანამშრომელი იქცა.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები