დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დღეს უწყებათშორის საბჭოზე განხილული იყო 10-მდე ადგილი, სადაც „მწვანე საშვის“ გამოყენება მოხდება.
„პასპორტში შედის ოთხი ინდიკატორი - აცრიდან 15 დღის გასვლა, ინფექციია გადატანილი გაქვს თუ არა ბოლო 6 თვეში, ბოლო 72 საათში ნეგატიური PCR-ტესტი ან 24-საათიანი ნეგატიური სწრაფი ტესტი. აქედან ერთ-ერთ ინდიკატორს უნდა აკმაყოფილებდე, რომ შენს პასპორტს ერქვას მწვანე. სად გამოიყენება ეს, ვერ გეტყვით, ჩვენგან წარდგენილია 10-მდე გამოყენების არეალი. დღეს იყო მსჯელობა ზოგიერთზე, იყო სერიოზული ბჭობა, გარკვეულ საკითხებზე არის კონსესუსი, ზოგიერთზე ჯერ არა. ეს არის მხოლოდ ერთი რამისკენ მიმართული, რომ ქვეყანაში გააქტიურდეს აცრები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, „მწვანე პასპორტი“ მეტი არაფერია, თუ არა ირიბი მანდატორიზმი.
„იმედი მაქვს, „მწვანე პასპორტის“ გარკვეული პოსტულატები მალე შევა ძალაში. ნებაყოფლობით მოვიდა 33%, წამახალისებელ ღონისძიებებს აქტიურად დავნერგავთ, იმით ალბათ კიდევ პროცენტული მაჩვენებელი მოიმატებს. დღევანდელ მსოფლიოს სჭირდება 5-6 თვე, რომ ვაქცინაციით მოცვის 75%-ზე გავიდეს. ჩვენც ამის ნაწილი ვართ“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.




























