ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული პირების სიაში უკვე საქართველოს ხუთი მოქალაქე ირიცხება. 2023 წლის 5 აპრილს ამ სიაში მოხვდნენ მოსამართლეები, რომელთაც აშშ-ში შესვლა აეკრძალათ, ხოლო 14 სექტემბერს მათ შეემატა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც უფრო მაღალი თანრიგის სანქციების ქვეშ მოექცა, რაც აშშ-ში მისი აქტივების გაყინვას გულისხმობს. ოთარ ფარცხალაძის სანქცირება მოხდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის მავნე საგარეო ქმედებების შეზღუდვისკენ მიმართული, აშშ-ის პრეზიდენტის აქტის (Executive Order 14024) ფარგლებში. აღნიშნული აქტს ჯო ბაიდენმა ხელი 2021 წლის 15 აპრილს მოაწერა და ის აშშ-ის ხაზინას აძლევს უფლებას, დაბლოკოს და გაყინოს ყველანაირი აქტივი, რომლებიც ამ აქტით სანქცირებულ პირებს აშშ-ში ეკუთვნით. შესაბამისად, ფარცხალაძეს არამხოლოდ აშშ-ში შესვლა აეკრძალა, არამედ აეკრძალა ამერიკული ფინანსური სისტემის მეშვეობით ნებისმიერი სერვისის მიღება და ტრანზაქციების განხორციელება. ანალოგიური შეზღუდვა გავრცელდა ფარცხალაძის იმ კომპანიებზეც, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
განცხადების თანახმად, სავარაუდოდ, FSB-ს ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.
"ონიშჩენკო და FSB ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლო გავლენის მოხდენაში იყენებენ,"- წერია განცხადებაში.
პუნქტის 1(a)(i) შესაბამისად, შემდეგი ორი სუბიექტი დანიშნულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში. ორივე არის რუსეთში დაფუძნებული მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია, რომელშიც ფარცხალაძეს 50% ეკუთვნის:
კომპანიების ჩამონათვალი:
- LLC MOSCOW BUSINESS BROKERAGE
- LLC INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION
რაც შეეხება მოსამართლეთათვის დაწესებულ სანქციებს, ის დაწესებულია აღმასრულებელი ბრძანება 7031(c)-ის ფარგლებში, რომლითაც აშშ ასანქცირებს მსოფლიოს გარშემო, მაღალი რანგის კორუფციაში ჩართულ მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებს. აღნიშნული სანქცია სავიზო შეზღუდვას მოიცავს და სანქცირებულ პირს აშშ-ში შესვლას უკრძალავს. აღნიშნული სანქციები მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს დაუწესდათ.