საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კენჭისყრა მაჟორიტარული სისტემით ტარდება და ამომრჩევლებმა 4 მაჟორიტარი წევრი უნდა აირჩიონ.
როგორც ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში 7 საარჩევნო უბანია გახსნილი:
- ახმეტა - სოფელი კასრისწყალი;
- დმანისი - სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორის;
- წალკა - სოფლები: იმერა, ბარეთი, საბეჭისი და ლივადი (სულ 4 უბანი);
- ვანი - სოფელი ფერეთა.
წალკის სამ და ვანის ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ სამ უბანზე პროცესი ტრადიციული მეთოდით ტარდება.
არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50-მა მოქალაქემ მიმართა.
საკრებულოების მანდატებისთვის 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი 7 კანდიდატი იბრძვის. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებულნი არიან „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველო - ლელოს“ კანდიდატები, ხოლო ახმეტაში — მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.
საარჩევნო პროცესს 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი აკვირდება, ხოლო გაშუქებაზე 8 მედიაორგანიზაციის 187 წარმომადგენელი მუშაობს.
ცესკო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და შეახსენებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. დღის განმავლობაში მოქმედებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი (2 51 00 51) და მედიაცენტრი.























