ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან დავითაშვილის თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში 300-ზე მეტი განთავსების ობიექტი გაიხსნება, რისთვისაც ₾1 მილიარდი დაიხარჯება - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.
დავითაშვილის თქმით, ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის აქტიური საკომუნიკაციო კამპანიები იგეგმება, მათ შორის, ახალ ტურისტულ ბაზრებზე.
"მომავალ 4-წლიან პერიოდში ტურიზმის სფეროში ველოდებით 300-ზე მეტი ახალი განთავსების ობიექტის შექმნას, რაც 34 700-ზე მეტ საწოლ ადგილს გაითვალისწინებს, ასევე დაგეგმილა, რომ მილიარდზე მეტი ლარის ინვესტიცია განხორციელდება მხოლოდ ამ მიმართულებით.
გვექნება საკმაოდ აქტიური საკომუნიკაციო კამპანიები, განსაკუთრებით ახალ ტურისტულ ბაზრებზე, ესენია: სპარსეთის ყურის ქვეყნები, მათ ემატება ინდოეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა პერსპექტიული ბაზრები", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6.4 მილიარდ დოლარს მიაღწევს, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა კი 11 მილიონს მიაღწევს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის 9 თვეში, საქართველოში 5 043 663 საერთაშორისო ვიზიტი შესრულდა. მათივე ინფორმაციით, ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში ამჟამად ჯამში 3 198 განთავსების ობიექტი ოპერირებს, რომელიც 53 759 ოთახს და 128 015 საწოლ ადგილს აერთიანებს.