საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა რეგიონულ ჭრილში სურათი მკვეთრად კონტრასტულია. მაშინ როდესაც ქვეყნის რეგიონების უმრავლესობაში მაღალი დატვირთულობა დაფიქსირდა, ბაკურიანი ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა, სადაც ზრდის ნაცვლად მაჩვენებლების კლება ფიქსირდება. ამის შესახებ BM.GE-სთან სასტუმროების მენეჯმენტკომპანია KA Group-ის დამფუძნებელმა, ირაკლი ჭიღლაძემ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რეგიონული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო ჩავარდნილი ბიუჯეტის შემდეგ, ზაფხულის პერიოდმა დანაკლისის სრულად კომპენსირება და მკვეთრი ზრდის დაფიქსირება შეძლო.
"იქიდან გამომდინარე, რომ მარტ-აპრილში [ახლო აღმოსავლეთში] ომიანობის გამო დიდი ჩამორჩენა გვქონდა ბიუჯეტზე, იქიდან მოყოლებული ვცდილობდით, რომ როგორმე ბიუჯეტს დავწეოდით. ცალკე აღებული ზაფხულის სეზონი, ძალიან კარგი იყო. ვგულისხმობ იმას, რომ წინა წელთან შედარებით დაახლოებით 20-25%-იანი მატება იყო უშუალოდ ზაფხულის თვეებზე. ხოლო თუ ავიღებთ 1-ელი იანვრიდან დღემდე პერიოდს, ძირითადი სტატისტიკა მერყეობს ისე, რომ ზრდა 7-დან 15%-მდეა", - აღნიშნა ირაკლი ჭიღლაძემ.
მისივე თქმით, განთავსების ობიექტების მიხედვით, განსაკუთრებით მაღალი შედეგები რამდენიმე მიმართულებამ აჩვენა, სადაც ზრდამ 15%-ს მიაღწია.
"სხვადასხვა რეგიონში ყველგან მივიღეთ დაახლოებით 7-დან 15%-მდე ზრდა. კარგი ზრდა ჰქონდა წყალტუბოს, თბილისს, ახალციხეს და ყაზბეგს. ვგულისხმობ იმას, რომ ამ ლოკაციებმა 15%-იანი მატება დააფიქსირა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, იქ ზრდა დაახლოებით 7-დან 10 პროცენტამდე იყო.
ერთადერთი გამონაკლისი ბაკურიანია, რომელიც წელს ძალიან ჩაგვივარდა. წინა წელთან შედარებით ზრდა არ გვაქვს, პირიქით, კლება 3%-ია და ეს რამდენიმე მიზეზით იყო გამოწვეული", - განაცხადა KA Group-ის დამფუძნებელმა.
როგორც ირაკლი ჭიღლაძე განმარტავს, კურორტზე ვიზიტორთა ნაკადის კლება ერთდროულად საგარეო პოლიტიკურმა კრიზისმა და შიდა ინფრასტრუქტურულმა დისკომფორტმა გამოიწვია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო ბაკურიანმა ე.წ. ყურის ქვეყნების მომხმარებელი თითქმის სრულად დაკარგა.
"ბაკურიანის მომხმარებელ ძირითად ქვეყნებს შორის წამყვანი როლი უჭირავს ყაზახეთს, უზბეკეთს, GCC-ის ქვეყნებს ზაფხულის პერიოდში და ქართველ დამსვენებლებს. ყურის ქვეყნებიდან წელს ფაქტობრივად აღარ გვყოლია ტურისტები, მათ ბაკურიანის რეგიონი აღარ აინტერესებდათ. მსგავსი მცირე რეგიონისთვის კი, როდესაც ხუთი წამყვანი ქვეყნიდან ორი-სამი პარტნიორი მიმართულება თითქმის სრულად გაკლდება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა.
იქიდან გამომდინარე, რომ ბაკურიანში მთელი ზაფხულის განმავლობაში საგზაო დიდი რემონტები მიმდინარეობდა, ეს ქართველი დამსვენებლისთვისაც დისკომფორტი აღმოჩნდა და, შესაბამისად, ის რაოდენობა აღარ გვყავდა, რაც წინასწარ გვქონდა დაგეგმილი", - განაცხადა ირაკლი ჭიღლაძემ და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიდან დამატებულმა პირდაპირმა ფრენებმა საქართველოს სხვა რეგიონებში დანაკლისი წარმატებით დააბალანსა, ბაკურიანის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბაზარმა ზაფხულის სეზონის გადარჩენა ვერ შეძლო.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, KA Group-ის დამფუძნებლის განმარტებით, გაზაფხულზე სასტუმროებს ტარიფების იძულებით შემცირება მოუწიათ, თუმცა ვითარების დასტაბილურებისთანავე ფასები გაიზარდა: "მარტ-აპრილის პერიოდში ფასების კლება შოკური იყო და ეს მხოლოდ ამ კონკრეტულ თვეებს არ შეეხო - მთელი წლის ჭრილში მოგვიწია გარკვეული პერიოდით ფასების დაწევა. ეს ვითარება ამ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ კი, როდესაც მეტ-ნაკლებად სტაბილურობა დავინახეთ, ეტაპობრივად ისევ ზრდა დავიწყეთ, რამაც საბოლოოდ ზაფხულისა და შემოდგომის ფინანსური მაჩვენებლების გამოსწორება განაპირობა".
კომპანიის ხელმძღვანელი ყურადღებას მომდევნო თვეებში ჯავშნების დინამიკაზეც ამახვილებს. როგორც ის BMG-სთან აღნიშნავს, თუკი წინა წლებში ტურიზმის სექტორისთვის პიკურ თვედ აგვისტო მიიჩნეოდა, წელს მოთხოვნამ სექტემბერში გადაინაცვლა.
"თუ ზოგადად ივლისი და აგვისტო ითვლება წლის ყველაზე მაღალდატვირთულ პერიოდად, წელს მივიღეთ მოცემულობა, რომ ეს უფრო სექტემბერი და ოქტომბერი იქნება. სეზონი ცოტა გაგრძელდა, რასაც დაემატა ნავთობის ფასის მეტ-ნაკლებად დასტაბილურებაც. წინა წლების სტატისტიკას თუ ვნახავთ, მარტივად შევამჩნევთ, რომ აგვისტო ყოველთვის ტოპ თვე იყო, მაგრამ წელს სექტემბერმა აჯობა და ოქტომბერიც ისეთი ჩანს, რომ სავარაუდოდ აგვისტოს მსგავსი დატვირთულობა ექნება", - აცხადებს ირაკლი ჭიღლაძე.
KA Group-ი საქართველოს 9 რეგიონში 13 სასტუმროს მართავს. კომპანიის პორტფელი აერთიანებს ისეთ სასტუმროებს, როგორებიცაა: "რანჩო ვარიანში", "ახალციხე ინნ", წყალტუბო პლაზა", "საირმე", "ნოველა" და სხვა.
























