კულტურის სამინისტროს შექმნიდან 4 წლის შემდეგ, უწყების ოფიციალური ვებგვერდი (culture.gov.ge) სატესტო რეჟიმში მუშაობს.
როგორც BM.GE-ს სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად განუცხადეს, საიტი უკვე ხელმისაწვდომია და მიმდინარეობს მისი ტექნიკური ტესტირება. სამინისტროს განმარტებით, ვებგვერდი შიდა რესურსებით შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს, რომელიც 2021 წლის 16 მარტს შეიქმნა, ამ დრომდე არ ჰქონდა ოფიციალური ვებგვერდი.
"ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ 2013 წლის აგვისტოში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მიიღო დადგენილება, რომელიც ყველა სამინისტროს ავალდებულებს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე. დადგენილებაში მითითებულია, რომ პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს, მათ შორის: წლიური ანგარიში, ხელმძღვანელი პირების ვინაობა, ბიოგრაფია, ფოტო, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, შესაბამისი სამართლებრივი აქტები, მონაცემები ბიუჯეტზე და სხვა.
ინფორმაციისთვის, კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2025 წლისთვის 297 649 500 ლარია.




























