არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო ორი დღის განმავლობაში პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას დიქტატურისკენ გადაგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებენ. 40-მდე NGO განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რეპრესიებზე მტკიცე და ერთიანი პასუხია საჭირო, რადგან "დემოკრატიული სამყარო ხედავს ჩვენს ბრძოლას".
"ვეხმიანებით ოპოზიციური ლიდერების დაკავების ფაქტებს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მმართველმა რეჟიმმა საბოლოოდ აირჩია ავტორიტარიზმის გზა. დღეს 60-ზე მეტი ადამიანი სინდისის პატიმარია. სასამართლოები, პროკურატურა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაიქცა. მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართული დევნა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა.
ივანიშვილმა აირჩია ძალაუფლების შენარჩუნება დიქტატურის გზით და ყოველ დღე ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ეს არ არის ერთი ჯგუფის პრობლემა — ეს არის საფრთხე თითოეული მოქალაქისთვის. ხვალ ნებისმიერი შეიძლება თავად გახდეს რეპრესიების მსხვერპლი.
საქართველოს მოქალაქეები არ დავნებდებით! საქართველო არ გახდება რუსეთი!
საჭიროა მტკიცე და ერთიანი პასუხი რეპრესიებზე. დემოკრატიული სამყარო ხედავს ჩვენს ბრძოლას და სოლიდარობას გვიცხადებს. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია ერთმანეთის გვერდით დგომა, მოქმედება და პროტესტი", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები უერთდებიან:
ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ — და ამ ბრძოლაში ერთად უნდა გავიმარჯვოთ!
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- საფარი
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- პრევენცია პროგრესისთვის
- მედია პლატფორმა “კაქტუსი”
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
- ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
- ჩემი იმერეთი
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- EECMD
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი • Georgian Court Watch
- გორის ხელოვნების სახლი - გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
- ფენიქსი 2009
- ENPUD.
- დემოკრატიის მცველები
- ევროპის ფონდი
- საქართველოს ევროპული ორბიტა
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
- ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის”
- საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT
- ალტერნატივა ჯორჯია
- უფლებები საქართველო
- ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
- საქართველოს მომავლის აკადემია
- მწვანე ალტერნატივა
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
- მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- რეგიონული ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი"
- შშმ ქალთა ალიანსი
23 ივნისს საქალაქო სასამართლომ პოლიტიკურ ლიდერებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დღეს, 24 ივნისს კი ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ გიორგი ვაშაძის მიმართაც, რომელსაც 7 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ყველა მათგანზე სასამართლომ განაჩენად 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავებაც აკრძალა. მიზეზი კი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობაა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ასევე თანამდებობის დაკავებას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.




























