ქართული აგროსექტორისთვის ექსპორტის კიდევ ერთი მიმართულება გაიხსნა. ფიტოსანიტარიული რისკების ანალიზის წარმატებით დასრულების შემდეგ, უზბეკეთის მხარემ საქართველოდან თხილის, ნუშისა და ციტრუსების იმპორტზე ოფიციალური ნებართვა გასცა. აღნიშნულ შეთანხმებას საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებებს შორის გამართული შეხვედრისას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას UzDaily ავრცელებს.
პროცესის ფარგლებში, მხარეები უკვე გეგმავენ ერთობლივ ინსპექტირებას თვისობრივ სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და პროდუქციის მოსამზადებელ საწარმოებში.
როგორც ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელმა, თორნიკე ლათათიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, უზბეკეთი 40-მილიონიანი მოსახლეობით საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესო ბაზარია, სადაც კაკლოვან კულტურებზე, განსაკუთრებით კი ნუშზე, მაღალი მოთხოვნაა.
მისი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ გასულ წელს პირველი სატესტო ექსპორტი (დაახლოებით 100 ტონა ნუში)უკვე განახორციელა, წელს კი ადგილობრივ მეწარმეებს უზბეკურ მხარესთან უკვე რამდენიმე მსხვილი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული.
მისივე თქმით, ამერიკელ და ესპანელ კონკურენტებთან შედარებით, ქართველ მწარმოებლებს სერიოზული ლოგისტიკური უპირატესობა აქვთ, - პროდუქციის ტრანსპორტირებას 10 დღიდან 2 კვირამდე სჭირდება. ამასთან, უზბეკეთის ბაზარზე შესვლის სტანდარტები ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სრულიად მისაღებია.
„უზბეკეთი 40-მილიონიანი მოსახლეობით საკმაოდ მიმზიდველი ბაზარია, სადაც კაკლოვანი კულტურები, განსაკუთრებით კი ნუში, კვების რაციონში ძალიან პოპულარულია. გასულ წელს ჩვენმა კომპანიამ პირველი სატესტო ექსპორტი განახორციელა და 100 ტონამდე ნუში გავიტანეთ. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც უზბეკეთში ქართული კაკლოვანი კულტურა შევიდა. წელსაც საკმაოდ იმედიანად ვართ განწყობილები, ქართველ მეწარმეებს უკვე რამდენიმე მსხვილი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული და არსებული გამოცდილება ბაზარზე დამკვიდრებას კიდევ უფრო გაამარტივებს.
ძირითად კონკურენტებთან, ამერიკასთან და ესპანეთთან შედარებით, ჩვენ სერიოზული ლოგისტიკური უპირატესობა გვაქვს, რადგან პროდუქტის მიწოდებას 10 დღიდან ორ კვირამდე სჭირდება. ამასთან, მოთხოვნილი სტანდარტები სრულიად მისაღებია: ადგილობრივ დონეზე საწარმომ HACCP-ის სისტემა უნდა დააკმაყოფილოს, უზბეკეთისგან იყოს იმპორტის ნებართვა და ჩატარდეს პროდუქციის უსაფრთხოების სტანდარტული ლაბორატორიული ანალიზები.“ - განაცხადა ლათათიამ.
რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების მოცულობას, უამინდობისა და რთული კლიმატური პირობების გამო, წელს მოსავლიანობა მოსალოდნელზე ნაკლებია, მწარმოებლები დაახლოებით 4 500 -5 000 ტონა ნუშის მოსავალს ელოდებიან.
„გამოწვევად რჩება წარმოების მოცულობა. წელს უფრო დიდ მოსავალს ველოდებოდით, თუმცა რთულმა კლიმატურმა პირობებმა ფერმერებს ხელი შეუშალა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ინდუსტრია და სანედლეულო ბაზა უკვე შეიქმნა. წელს დაახლოებით 4 500 – 5 000 ტონა ნუშის მოსავალს ველოდებით. უამინდობის გამო მოსავლის აღებამ ცოტათი გადაიწია და ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ 10-15%-ია აღებული, თუმცა საბოლოო ჯამში ეს მოცულობა მაინც უზრუნველყოფს როგორც შიდა ბაზარს, ისე საექსპორტო გეგმებს“, - განაცხადა ლათათიამ.
























