უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტის“ პარტნიორის ლევან ელიზბარაშვილის ინფორმაციით, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით მომხმარებლების 40% ბინის შეძენისგან დროებით თავს იკავებს.
რაც შეეხება დაგეგმილ პროექტებს, კომპანიაში არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ინტერესის კლება ამ დროისთვის არ ფიქსირდება.
„ჩვენ ბოლო დროს ვაკვირდებით იმას, რომ მომხმარებლები უფრო დიდი სიფრთხილით ეკიდებიან უძრავი ქონების შესყიდვას, ვადებმა გადაიწია. ადრე თუ ისინი უფრო სწრაფად იღებდნენ გადაწყვეტილებას, ახლა პროცესი გახანგრძლივებულია. 40%-ში ჩვენი კლიენტებიდან ვისმენთ კომენტარებს 3 კვირით, 1 თვით გადავადებასთან დაკავშირებით. რაც ასეთ პროცესებს ახასიათებს ნამდვილად ის ხდება უძრავი ქონების ბაზარზე, მომხმარებელი უფრო კონსერვატიული ხდება ხარჯვის ნაწილში. საერთაშორისო მყიდველები ბევრად უფრო ადრე რეაგირებენ ასეთ მოვლენებზე და მათი სიფრთხილე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ადგილობრივებს.
თუ ამ გადავადებებმა გამოიწვია ის, რომ ივნისში მივიღეთ გაორმაგებული რეალიზაცია იქნება მანიშნებელი იმის, რომ ისევ პოზიტიური ძვრისკენ წავიდა ვითარება. მაგრამ თუ ვერ დააკომპენსირა ივნისმა მაისი, მაშინ ცხადია მივიღებთ საკმაოდ ცუდ ნიშნებს.
რაც შეეხება პროექტებს, დღესდღეობით საწყის ეტაპზე არსებულ 8 პროექტს ვმართავთ, მიდის მოლაპარაკებები გამყიდველებთან, საბანკო სექტორთან. მათ დაწყებაზე დამოკიდებულება ამ ეტაპზე ნეგატიური არ არის, ისინი არ ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებით გადახედვა უნდა მოხდეს. ამ მოვლენებს ძალიან მოკლევადიანი პერიოდი აქვს გავლილი იმისთვის, რომ ასეთი ცვლილებები უკვე შევამჩნიოთ.
„პროსპექტში“ ცოტა ხნის წინ დავამუშავეთ სტატისტიკური ინფორმაცია და მინდა გითხრათ, რომ რაოდენობრივი თვალსაზრისით სექტორს ჯერჯერობით კლების ნაწილში არაფერი ეტყობა“, - აღნიშნა ელიზბარაშვილმა.