კულტურის სამინისტრო 2026 წლის 7 ოქტომბერს, თელავში, ერეკლე II-ის სასახლის ეზოში „ერეკლეობისადმი“ მიძღვნილი საკონცერტო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს და ამ მომსახურების მისაღებად შესყიდვების სააგენტოსგან 412 026 ლარის გამარტივებული წესით (უტენდეროდ) დახარჯვაზე თანხმობას ითხოვს.
უწყებამ შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი წერილით უკვე მიმართა. სამინისტროს განმარტებით, შესყიდვის ობიექტები მოიცავს საკონცერტო პროგრამების ორგანიზებას, სცენისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის მოწყობას, გახმოვანებას, მხატვრულ განათებას, LED ეკრანებსა და ვიდეოვიზუალურ გაფორმებას, მაყურებელთა სივრცის მოწყობას, ფლორისტულ გაფორმებას, ტექნიკური პერსონალის მომსახურებასა და ღონისძიების სრულ ტექნიკურ მართვას.
კულტურის სამინისტრო წერს, რომ ღონისძიების ჩატარების ორგანიზების პროცესში ჩართულ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციის შედეგად, ეტაპობრივად დაზუსტდა ღონისძიების შინაარსი, პროგრამა, ტექნიკური გადაწყვეტები, საჭირო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების მოთხოვნები და შესასყიდი მომსახურებების საბოლოო მოცულობები.
უწყების განმარტებით, ტექნიკური მოთხოვნებისა და საბოლოო მოცულობების განსაზღვრა მხოლოდ საორგანიზაციო პროცესის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რის გამოც ელექტრონული პროცედურების წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელი იყო.
„ვინაიდან ღონისძიება 2026 წლის 7 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, ხოლო მანამდე აუცილებელია მასშტაბური სცენური და ტექნიკური ინფრასტრუქტურის მობილიზება, მონტაჟი, უსაფრთხოების შემოწმება, ვიდეოკონტენტისა და განათების სცენარების მომზადება, ტექნიკური რეპეტიციები და ხმის აპარატურის შემოწმება, ელექტრონული ტენდერის ჩატარება პოტენციური რისკების/საფრთხეების მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელების პროცესში“, - აღნიშნულია სამინისტროს დასაბუთებაში.
სამინისტროს შეფასებით, ღონისძიებას განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასა და ქართული კულტურის, ფოლკლორისა და მუსიკალური ხელოვნების წარდგენას.
























