ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში 45 000-იანი სამიზნე ჯგუფიდან 11 000 მედიცინის მუშაკია სრულად ვაქცინირებული. განცხადება მან მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"ჯერჯერობით, ვაპირებთ საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურებას. თითოეულ მოქალაქემდე და თითოეულ ექიმამდე უნდა მივიტანოთ ეს ინფორმაცია. დღეს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციაც დაბალია, სამწუხაროდ; დაახლოებით, 11 ათასამდე სამედიცინო პერსონალი არის სრულად ვაქცინირებული 45-ათასიანი სამიზნე ჯგუფიდან. ივლისის ბოლომდე ვფიქრობთ, მოსახლეობის აქტივობა გაიზრდება. დღიურად 15-20 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს", - განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს. 13 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 310 332 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 120 479 ადამიანი.




























