18 მარტს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა EU Inc-ის, იგივე "28-ე რეჟიმის" საკანონმდებლო წინადადება ოფიციალურად წარადგინა. წინადადება ევროპული კომპანიების ერთიან რეესტრს მოიცავს, რაც ბლოკის მასშტაბით, 27-ვე ქვეყანაში ბიზნესის დარეგისტრირებას გაამარტივებს.
"ევროკავშირში კომპანიის დაფუძნებას ან ბიზნესის დაწყებას დღესაც შეიძლება კვირები ან თვეები დასჭირდეს. ევროპის შიგნით არსებული ბარიერები უფრო მეტად გვაზარალებს, ვიდრე გარედან დაწესებული ტარიფები. მთელი ჩვენი კავშირის მასშტაბით, მეწარმეები, რომლებსაც გაფართოება სურთ, მარეგულირებელი ფრაგმენტაციის პირველი მსხვერპლნი არიან. ერთიანი ბაზრის ნაცვლად, ისინი 27 სამართლებრივ სისტემასა და კომპანიის 60-ზე მეტ ეროვნულ ფორმას აწყდებიან. და შედეგები რეალურია.
დრო და ფული, რომელიც დოკუმენტების შევსებაზე იხარჯება, წარმოებისა თუ ინოვაციებისთვის აღარ რჩება. ცხადია, ეს უნდა შეიცვალოს და თანაც სწრაფად", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა დღეს დილით ბრიუსელში.
მიუხედავად ევროკავშირის მასშტაბით მოქმედებისა, ინიციატივა EU Inc ეროვნულ შრომით თუ სოციალურ კანონმდებლობებს არ ჩაანაცვლებს. აღნიშნული ჩარჩოს ფარგლებში მოქმედი კომპანიები კვლავაც დაექვემდებარებიან რეგისტრაციის ქვეყანაში მოქმედ შრომით და მართვაში თანამონაწილეობის (თანამართვის) წესებს.
რას ითვალისწინებს EU Inc?
EU Inc ევროპული კომპანიების ერთიან ჩარჩოს ქმნის. ეს არის წესების კრებული, რომელიც მთლიან ერთიან ბაზარზე მუშაობს. ის ევროპაში ბიზნესის დაწყებასა და განვითარებას მკვეთრად გაამარტივებს.
კერძოდ, ნებისმიერი მეწარმე კომპანიის დაფუძნებას 48 საათში, ევროკავშირის ნებისმიერი წერტილიდან, სრულად გაციფრულებულად, 100 ევროზე ნაკლებ ფასად და მინიმალური საწესდებო კაპიტალის გარეშე შეძლებს.
"ამ წინადადების გულში ერთი მარტივი პრინციპი დევს: "მხოლოდ ერთხელ". კომპანიები თავიანთ ინფორმაციასა და მონაცემებს სახელმწიფო უწყებებს მხოლოდ ერთხელ მიაწვდიან და შემდეგ ეს ინფორმაცია ავტომატურად გაზიარდება შესაბამის ადმინისტრაციებს შორის - ბიზნესრეესტრებიდან დაწყებული, საგადასახადო და სოციალური დაცვის სამსახურებით დამთავრებული... და ეს ინფორმაცია შეინახება და მარტივად ხელმისაწვდომი იქნება EU Inc კომპანიების ახალ, ევროკავშირის ბიზნესრეესტრში.
EU Inc-ით ჩვენ გვსურს წავახალისოთ მეწარმეობა და ის ნაკლებად სარისკო გავხადოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ სრულად გავაციფრულებთ გადახდისუუნარობის პროცედურებს და შემოვიღებთ გადახდისუუნარობის დაჩქარებულ პროცესს სტარტაპებისთვის, რათა მეწარმეებმა თავიდან დაწყება უფრო მარტივად შეძლონ", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მან ასევე უპასუხა შრომითი აქტივისტებისა და პროფკავშირების წუხილს EU Inc-თან დაკავშირებით.
ფონ დერ ლაიენის თქმით, EU Inc-ის წინადადება ყოველმხრივ დაიცავს არსებულ სოციალურ სტანდარტებსა და შრომის კანონმდებლობას, რაც მოიცავს ყველა დასაქმებულის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მმართველ საბჭოებში. ეს წინადადება შეიცავს ძლიერ გარანტიებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი წესები აღსრულდება.
EU-INC მოძრაობა, რომელსაც 22 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, კამპანიას ე.წ. 28-ე რეჟიმის შესაქმნელად 2024 წლის ოქტომბრიდან აწარმოებდა, 2025 წელს კი მან კომისიას იურიდიული წინადადებები წარუდგინა.
კაპიტალის ხელმისაწვდომობა ევროპული განვითარებადი კომპანიებისთვის კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება აშშ-ისა და ჩინეთის კონკურენტებთან შედარებით. ფონ დერ ლაიენი ამ საკითხსაც მოკლედ შეეხო და აღნიშნა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად გეგმები უკვე მუშავდება.
"ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გავამარტივებთ ვენჩურული კაპიტალის ბიზნესებისკენ დინებას. ამას დანაზოგებისა და ინვესტიციების კავშირი უზრუნველყოფს. ჩვენ შევისწავლით ტრანსსასაზღვრო დისტანციური მუშაობის ახალ შესაძლებლობებს სტარტაპებისა და განვითარებადი კომპანიებისთვის. ასევე, დღეს მივიღეთ რეკომენდაცია ევროპის მასშტაბით ინოვაციური სტარტაპებისა და განვითარებადი კომპანიების დეფინიციის ჰარმონიზაციის შესახებ, რათა შევიმუშაოთ უკეთესი პოლიტიკა, რომელიც ჩვენს ბიზნესებს ევროპაში ზრდასა და აყვავებაში დაეხმარება", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
წინადადება ახლა განსახილველად ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს გადაეგზავნება. ევროკომისია ცდილობს, შეთანხმება 2026 წლის ბოლომდე გაფორმდეს, რადგან EU Inc-ს 2024–2029 წლების კონკურენტუნარიანობის დღის წესრიგის მთავარ საყრდენად განიხილავს.




























