მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$4.8 ტრილიონი ციფრულ სამყაროში: როგორ ცვლის ტექნოლოგიური ექსპორტი საერთაშორისო ვაჭრობის წესებს

ციფრული ექსპორტი

თანამედროვე გლობალური ეკონომიკა სულ უფრო მეტად ეყრდნობა ციფრულ სერვისებს, რომლებიც ტრადიციული ვაჭრობის საზღვრებს სცილდება. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემები ცხადყოფს, რომ 2024 წელს გლობალური ციფრული ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ 4.8 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც გლობალური მომსახურების ექსპორტის ორ მესამედზე მეტს შეადგენს. ეს ტენდენცია ნათლად აჩვენებს ტექნოლოგიური პროგრესის დომინანტურ როლს საერთაშორისო ვაჭრობაში, სადაც ისეთი სერვისები, როგორიცაა ღრუბლოვანი გამოთვლები, სტრიმინგის სერვისები, ონლაინ განათლება და ფინანსური საქმიანობა, ფიზიკური ინტერაქციის გარეშე მიეწოდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს.

ამ მზარდ ეკოსისტემაში, ამერიკის შეერთებული შტატები უდავო ლიდერია. 2024 წელს, აშშ-დან ციფრული პროდუქციის ექსპორტმა 741 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 11%-იანი ზრდაა და ასეთი პროდუქტის ექსპორტის ჯამური მაჩვენებლის 15%-ს ფარავ.ს ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა Amazon, Google და Meta, გადამწყვეტ როლს თამაშობენ ამ ექსპორტის ძრავაში, რომელიც მოიცავს როგორც მრავალმილიარდიან სარეკლამო ბიზნესს, ასევე სხვა მრავალფეროვან ციფრულ სერვისებს.

აშშ-ის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია მნიშვნელოვანი რეგიონალური და გლობალური მოთამაშეები არიან. დიდი ბრიტანეთი, თავისი მდგრადი და მზარდი ტექნოლოგიური და ფინანსური სერვისების ინდუსტრიების წყალობით, მეორე ადგილზეა $488 მილიარდი ციფრული ექსპორტით. უშუალოდ ამ მიმართულებით ქვეყანაში 3.2 მილიონი ადამიანია დასაქმებული.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ირლანდიის მიერ დაკავებული მესამე ადგილი $425 მილიარდი ექსპორტით.ამ შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი არა მხოლოდ მასშტაბურია, არამედ ზრდის ტემპითაც გამოირჩევა: 2024 წელს ექსპორტი 24%-ით გაფართოვდა. ამ ფენომენის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია ქვეყნის, როგორც ევროპული ჰაბის როლი, სადაც ისეთი მსხვილი ამერიკული კომპანიები, როგორიცაა Meta, Google და სხვა, თავიანთ ევროპულ შტაბ-ბინებს აფუძნებენ. ამ მულტინაციონალური აქტივობის წყალობით, მრავალი რეგიონალური ციფრული გაყიდვა ირლანდიას მიეწერება, რაც ქვეყნის პოზიციას გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში კიდევ უფრო ამყარებს.

ირლანდიას გერმანია ($280 მილიარდი) და ინდოეთი ($276 მილიარდი) მოსდევს და ციფრული ექსპოტიორების ლიდერთა ხუთეულს ავსებენ. ამ ქვეყნებს შორის ინდოეთის პოზიციონიერებაც აუცილებლად გამოსყოფია, ვინაიდან, ეს სტატუსი, გლობალური ციფრული სერვისების მიწოდებაში მისი, როგორც მსხვილი საინფორმაციო ტექნოლოგიების და აუთსორსინგის ცენტრის მზარდ მნიშვნელობაზე მიანიშნებს.

ათეულში დარჩენილ პოზიციებს კი: ჩინეთი ($221 მილიარდი), სინგაპური ($220 მილიარდი), ნიდერლანდები ($205 მილიარდი), საფრანგეთი ($204 მილიარდი) და ლუქსემბურგი ($140 მილიარდი) ინაწილებენ.

2024 წლის მონაცემები მკაფიოდ ასახავს გლობალური ეკონომიკის შეუქცევად ტრანსფორმაციას, სადაც ციფრულად მიწოდებული სერვისები უკვე არა მხოლოდ დამატებითი, არამედ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. აშშ-ის ლიდერობა, გაერთიანებული სამეფოს და ირლანდიის არაპროპორციული გავლენა, მულტინაციონალური კორპორაციების როლი და ისეთი აზიური გიგანტების აღმავლობა, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი, ქმნიან რთულ და დინამიკურ ლანდშაფტს.

ეს ტენდენცია ხაზს უსვამს, იმ ქვეყნების კონკურენტუნარიანობას, რომლებიც ინვესტიციას ახორციელებენ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში, მოქნილ მარეგულირებელ გარემოსა და მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალაში, რაც უახლოეს წლებში, ციფრული ექსპორტის შემდგომი ზრდის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები