სიონის ტბაზე 5*-იანი სასტუმრო კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi დაახლოებით 1.5 წელიწადში გაიხსნება - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „არქის“ თანადამფუძნებელმა სიონის ტბაზე პროექტის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
ღონისძიებას კომპანიის დამფუძნებლებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„Le Meridien-ის ლუქს ბრენდის სასტუმრო სიონის ტბაზე დაახლოებით 1.5 წელიწადში გაიხსნება. აქ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სამთო კურორტი საქართველოში“, - აღნიშნა „არქის“ თანადამფუძნებელმა ილია წულაიამ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
აღსანიშნია, რომ BM.GE-სთვის ჯერ კიდევ 2019 წელს გახდა ცნობილი, რომ კომპანია „სიონი ლეიქ რესორთ & სპას“ დამფუძნებლები და 50-50%-იანი წილის მფლობელები - ცნობილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია სიონის ტბაზე, სახელმწიფო პროგრამის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში უძრავი ქონება, სასტუმროს აშენების პირობით შეიძინეს. პირობის მიხედვით, ადგილზე ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნებით აღჭურვილი, არანაკლებ 60 - ნომრიანი სასტუმრო უნდა აშენებულიყო.
იდეის გაჩენიდან 5 წლის შემდეგ პროექტის პრეზენტაციაზე „არქის“ პარტნიორმა და „სიონი ლეიქ რესორთ & სპას“ თანადამფუძნებელმა ზაზა ფაჩულიამ განაცხადა: „მიხარია, რომ ეს იდეა რეალობად იქცა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი და ჩვენ წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აქ ჩამოსული სტუმარი - ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურისტი საუკეთესო შთაბეჭდილებებით დაბრუნდეს თავის ქვეყანაში“, - განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე ზაზა ფაჩუალიამ.
სიონის ტბაზე გამართულ ღონისძიებაზე ილია წულაიამ პროექტის შესახებ ისაუბრა და ვიდეო რგოლი წარადგინა. კომპანიის დამფუძნებელს პროექტის საინვესტიციო ღირებულება არ დაუკონკრეტებია. კომპანია ამ პროექტის განხორციელებისთვის 40 მლნ დოლარამდე ინვესტიციის ჩადებას გეგმავდა, ამის შესახებ მან BM.GE-სთან ილია წულაიამ 2022 წელს ისაუბრა.
Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ის პროექტის დეტალები
„არქის“ დასასვენებელი კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa კომპლექსი 2500 კვ.მ. ღია და დახურული აუზები; აკვაპარკი და ზამთრის ღია ცხელი აუზებს; 3000 კვ.მ. მოწყობილ სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი და ფიტნეს დარბაზს; 550 ადამიანზე გათვლილი წვეულებების დარბაზს, საკონფერენციო ოთახებსა და ტერასას; 5 რესტორანს, ბარს, ლაუნჯს და კაფეებს; ღია კინოთეატრსა და ამფითეატრს; საბავშვო გასართობ სივრცეს; ზამთრის ბაღს; ვერტმფრენის მოედანს; 3 კმ სიგრძის ბულვარს ტბის პირას, საფეხმავლო და ველობილიკებს; ჩოგბურთის, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნებს; პადელის კორტებს; სათევზაო ზონას და ზიპლაინს აერთიანებს. ამასთან 126-ოთახიანი სასტუმროს მართვაში Marriot-ის ბრენდი შედის, რომელიც Le Merridien-ის ბრენდით იქნება წარმოდგენილი. კომპლექსი ასევე 5 აპარტოტელს აერთიანებს, რომელიც ლუქს, არტ და მოდერნ სტუდიოს კატეგორიის აპარტამენტებისგან შედგება. როგორც ილია წულაიამ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ აპარტამენტების ნაწილი უკვე აშენებულია. აპარტოტელებში აპარტამენტები სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ბარდება.
აპარტოტელების დამსვენებლებსა და აპარტამენტის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს კომპლექსის სრულყოფილი ინფრასტრუქტურით.
„კურორტზე მოსასვლელი გზა, რომელიც საბადურის ტყეზე გადის კეთილმოწყობილია, ბოლო 2 კმ-ია დარჩენილი, თუმცა ჩვენი მთავრობისგან გვაქვს მხარდაჭერა, რომ გვერდში დაგვიდგებიან და შემდეგში რომ ჩამოხვალთ გზა მად იქნება. კურორტი თბილისიდან დაახლოებით 50 კმ-ში, ზღვის დონიდან 1 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. პროექტის განხორციელებით ადგილზე იგეგმება 4 სეზონის კლიმატური კურორტის მოწყობა. აქ უნიკალური ჰავაა რესპირატორული და იმუნური გაჯანსაღებისთვის. სიონის წყალსაცავი არეგულირებს ტემპერატურას და წყლის სპორტისთვის კარგ პირობებს ქმნის.
ადგილზე განთავსდება 126-ოთახიანი სასტუმრო და 5 აპარტოტელი, რომელშიც 400 აპარტამენტი იქნება. ეს შენობები უკვე აშენებულია. ჩვენ საკუთრებაში არსებული არეალი დაახლოებით 15 ჰა-ია, თუმცა დაახლოებით ჩვენს გარშემო არსებული 100 ჰა-ზე გაშლილი სარეკრეაციო ზონაზე ტყეა გაშლილი და აქ არასდროს არაფერი არ აშენდება“, - განმარტა ილია წულაიამ.