მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიონის ტბასთან 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება - ინვესტიცია $40 მილიონამდეა

6314484a3cff0
ვიქტორია მღებრიშვილი
04.09.22 10:47
12455
საქართველოს მთავრობამ, 29 აგვისტოს გამართულ მორიგ სხდომაზე „შპს „სიონი ლეიქ რესორთ & სპას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე” საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი განიხილა.

BM.GE-სთვის ჯერ კიდევ 2019 წელს გახდა ცნობილი, რომ კომპანია „სიონი ლეიქ რესორთ & სპას“ დამფუძნებლები და 50-50%-იანი წილის მფლობელები - ცნობილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია სიონის ტბაზე, სახელმწიფო პროგრამის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში უძრავი ქონება, სასტუმროს აშენების პირობით შეიძინეს. პირობის მიხედვით, ადგილზე ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნებით აღჭურვილი, არანაკლებ 60 - ნომრიანი სასტუმრო უნდა აშენებულიყო. პროექტის შესახებ დეტალების გასარკვევად BM.GE, კომპანიის ერთ-ერთ მეწილეს ილია წუალაიას დაუკავშირდა.



მისი ინფორმაციით, დღეისთვის სიონის ტბასთან სასტუმრო კომპლექსის მოწყობაზე კომპანიამ ნებართვა უკვე მიიღო და სამშენებლო სამუშაოების მზადება უკვე დაწყებულია.

„სასტუმროს მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის აღება გაიწელა, რადგან ახალი ტერიტორიაა და გერგეს დამტკიცების პროცესი მიმდინარეობდა, სულ ახლახანს ავიღეთ ნებართვა და შეიძლება ითქვას, რომ მშენებლობა დაიწყო. ტერიტორია შემოიღობა და მოსამზადებელი სამუშაოებიც დაიწყო“, - განმარტა ილია წულაიამ.

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „დიალოგი სიონის“ სახელწოდებით ამოქმედდება და ინვესტორები მის მართვაში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანას გეგმავენ.

„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სასტუმროს მმართველ საერთაშორისო ბრენდთან და ამის შემდეგ შევძლებთ იმის თქმას, რომელი კომპანია შემოვა მართვაში.

იმის გათვალისწინებით, რომ სასტუმრო დასასვენებელი კომპლექსის მოწყობა საკმაოდ დიდ ფართობზე იგეგმება და სტუმრებს სხვადასხვა სახის სერვისს შევთავაზებთ, პროექტი, ამოქმედების შემდეგ, 300-მდე ადამიანის დასაქმებას შეძლებს“, - აცხადებს ილია წულაია.



მისივე თქმით, კომპანიის მეწილეები პროექტს საკუთარი და ბანკის მხარდაჭერით ახორციელებენ და მისი საინვესტიციო ღირებულება 40 მლნ დოლარამდეა.

„სახელმწიფო ქონება აუქციონზე რამდენიმე წლის წინ იმ პირობით შევიძინეთ, რომ სასტუმრო კომპლექსს 2024 წლის თებერვლამდე დავასრულებდით. ვინაიდან ნებართვის გაცემა დაგვიანდა, ვფიქრობთ, რომ ამ ვადის 2024 წლის ბოლომდე გადაწევას ვითხოვთ.
სიონის ტბასთან აუქციონის წესით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ბევრად დიდი სასტუმრო აშენდება. გათვალისწინებული იყო 60-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, თუმცა ჩვენი პროექტის მიხედვით, კომპლექსი აერთიანებს არანაკლებ 200-ნომრიან სასტუმროს, ვილებს, სპორტ კომპლექს, ჩოგბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, გამაჯანსაღებელ სპა ცენტრს, რეკრეციულ ტერიტორიასა და ინფრასტრუქტურას წყლის სხვადასხვა აქტივობებისთვის. დაახლოებით 30-40 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩავდებთ, თუმცა საინვესტიციო ვალდებულება გაცილებით ნაკლები იყო“, - უთხრა BM.GE-ს „სიონი ლეიქ რესორთ ენდ სპას“ თანადამფუძნებელმა.




რაც შეეხება კითხვას - რა საჭიროება აქვს ინვესტორს პროექტის განსახორციელებლად, ილია წულაიამ თქვა, რომ ტერიტორიასთან მისასვლელი გზა მოსაწესრიგებელია და ამ მხრივ მთავრობის ხელშეწყობის იმედი აქვთ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები