საუდის არაბეთი უპრეცედენტო პროექტს იწყებს და ერ-რიადში 2 000 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენის აშენებას გეგმავს, რაც ამჟამად მსოფლიოს უმაღლესი შენობის, დუბაის "ბურჯ-ხალიფას" სიმაღლეს ორჯერ და მეტად აღემატება.
პროექტი 678 სართულსა და დაახლოებით $5 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიციას ითვალისწინებს, თუმცა ის ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა.
ინდუსტრიულ ანგარიშებში ცათამბჯენი დროებითი სახელით - Rise Tower ("აღმავლობის კოშკი") მოიხსენიება. ის საუდის არაბეთის დედაქალაქის ჩრდილოეთით განთავსდება და უფრო ფართო ურბანული განვითარების ნაწილი იქნება.
მიუხედავად განხილვის პროცესში არსებული შთამბეჭდავი ციფრებისა, ხელისუფლებას მშენებლობის ოფიციალური ვადები და კონტრაქტები ჯერ არ დაუდასტურებია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პროექტი ტექნიკური და ფინანსური დაგეგმვის სტადიაშია.
ინიციატივა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საუდის არაბეთის საჯარო ინვესტიციების ფონდმა (PIF) პროექტის ყოვლისმომცველი მართვისთვის საერთაშორისო კომპანიებთან დაიწყო კომუნიკაცია. სპეციალიზებული წყაროების ცნობით, ტენდერი მხოლოდ ცათამბჯენით არ შემოიფარგლება და ის მიმდებარე ურბანული გარემოს დიზაინსა და განვითარებასაც მოიცავს, რათა ერ-რიადში ახალი ეკონომიკური და ბიზნესჰაბი შეიქმნას.
შენობის წინასწარი დიზაინი შერეული ტიპის განვითარებას ითვალისწინებს, რომელიც საოფისე, სავაჭრო და გასართობ სივრცეებს აერთიანებს. ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი ექსტრემალურ სიმაღლეზე განთავსებული ლუქს კლასის სასტუმროები და რესტორნები იქნება, რაც ტურისტებისთვის უნიკალური გამოცდილების შეთავაზებასა და კომპლექსის მიმზიდველობის ზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი "ხედვა 2030"-ის (Vision 2030) სტრატეგიის ნაწილია, რომლითაც საუდის არაბეთი ეკონომიკის დივერსიფიკაციას, ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას და ტურიზმის, ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის სფეროში წამყვანი პოზიციების დაკავებას ცდილობს.
ერ-რიადის 2-კილომეტრიანი პროექტის გარდა, საუდის არაბეთში კიდევ ერთი მსხვილი მშენებლობა მიმდინარეობს სანაპირო ქალაქ ჯიდაში, სადაც "ჯიდას კოშკი" (Jeddah Tower) შენდება. შენობა დაპროექტებულია, როგორც პირველი ნაგებობა, რომელიც სიმაღლეში 1000 მეტრს გადააჭარბებს და "ბურჯ-ხალიფას" (830 მ) რეკორდს მოხსნის. მართალია, მშენებლობა 2018 წელს შეჩერდა, თუმცა 2025 წელს სამუშაოები სტაბილურად განახლდა. მოსალოდნელია, რომ პროექტი 2027-2028 წლებში დასრულდება და მასში Four Seasons-ის სასტუმრო, ოფისები და ლუქს კლასის საცხოვრებლები განთავსდება.




























