საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ ევროპელ პარტნიორებს აცნობა, რომ მომდევნო თვეს ნედლი ნავთობის მიწოდებას სრულად შეაჩერებს. შეზღუდვა ევროპის კონტინენტის ყველა მყიდველს შეეხება. კომპანიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ საკვანძო მილსადენზე განხორციელებულ იერიშს უკავშირდება, რომლის მიღმა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები დგანან.
ევროპელი გადამმუშავებლები საუდის არაბეთისგან ნავთობს, როგორც წესი, გრძელვადიანი კონტრაქტების საფუძველზე იღებენ, რაც ყოველთვიურ სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს, თუმცა ამჟამად არსებულ ვითარებაში Saudi Aramco ნავთობის უსაფრთხოდ მიწოდებას ვერ ახერხებს და ამიტომ ფორს მაჟორს აცხადებს.
წითელი ზღვის მიმართულებით შემავალ სტრატეგიულ მილსადენზე თავდასხმის გამო, საუდის არაბეთი იძულებული გახდა ინფრასტრუქტურის მუშაობა დროებით შეეჩერებინა. ექსპლუატაციის ნაწილობრივ აღდგენა უახლოეს დღეებში იგეგმება, ხოლო ობიექტის სრულად ამოქმედებას დაახლოებით ექვსი კვირა დასჭირდება. ჩვეულებრივ რეჟიმში ევროპული ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები საუდის არაბეთის ნედლეულს ეგვიპტის სიდი-კერირის პორტიდან იღებენ, რომელიც წითელ ზღვას სწორედ აღნიშნული მილსადენით უკავშირდება.
ექსპერტების შეფასებით, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მილსადენის დაზიანება გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს, რაც ირანის მთავარ მიზანს წარმოადგენს.
























