მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია "ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივებს გმობს და "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებას მიესალმება

IPI

ხუთი საერთაშორისო ორგანიზაცია "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმიანება. საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობის ინიციატივები კიდევ უფრო გაამკაცრებს ისედაც მკაცრ კანონმდებლობას, რომელიც მედიაორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებას უშლის ხელს.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გმობს აღნიშნულ ინიციატივებს და ეუთოს ქვეყნების მიერ "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებას მიესალმება.

ორგანიზაციები ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე "ოცნების" თავდასხმებს სანქციებით უპასუხონ.

"ჩვენი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილებების ამოქმედება გააძლიერებს კანონმდებლობის ისედაც შემზღუდავ ქსელს, რომელიც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ფინანსურ მხარდაჭერას უმიზნებს და შესაძლოა, ქართველ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს ნებისმიერი სახის დამოუკიდებელი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მოუსპოს...

უახლესი ინიციატივები ემატება 2025 წელს უკვე მიღებული შემზღუდავი კანონმდებლობის საგანგაშო ნუსხას, რომელიც ძირს უთხრის მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას. Mapping Media Freedom-ის მონიტორინგის მიხედვით, საქართველოში მკვეთრად იმატა სამართლებრივმა ინციდენტებმა, რამაც ყველა დაფიქსირებული შემთხვევის 42.0% შეადგინა. 2025 წელს დოკუმენტირებული 60 სამართლებრივი ინციდენტით, მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა 2024 წლის 33 განგაშთან შედარებით.

ბოლო ორი წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა მოიცავს უცხოელი აგენტების კანონს (FARA-ს ქართულ ვერსიას), ცვლილებებს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში, ასევე ცვლილებებს "გრანტების შესახებ" და "მაუწყებლობის შესახებ" კანონებში. ერთობლიობაში, ეს სამართლებრივი ზომები არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის მედიის არსებობას, არამედ აწესებს შემზღუდავ ცენზურას და ქართულ ჟურნალისტიკას გადარჩენისთვის ბრძოლის ზღვარზე აყენებს.

MFRR-ის პარტნიორები არაერთხელ იძლეოდნენ გაფრთხილებას, რომ ქვეყნის მედიაზე ისედაც უპრეცედენტო ზეწოლა საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი ზემოქმედების გარეშე კიდევ უფრო გაძლიერდებოდა.

მიუხედავად თავისუფალი მედიისთვის სულ უფრო მტრული გარემოსი, დამოუკიდებელი ჟურნალისტები რჩებიან ქვეყანაში და უარს ამბობენ გაჩუმებასა თუ იძულებით ემიგრაციაზე. თუმცა, მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ საერთაშორისო მხარდაჭერა.

შემოთავაზებული ცვლილებები შეუთავსებელია საქართველოს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებებთან, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებსა და ევროპის საბჭოს წევრობასთან. ისინი ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს ეუთო-ს (OSCE) წინაშე, რაც გამოხატვის თავისუფლების დაცვასა და მედიის დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას მოითხოვს.

შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებას საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად ექსპერტთა მისიის შესაქმნელად.

სამომავლოდ, ჩვენი ორგანიზაციები მოუწოდებენ "ქართული ოცნების" მიერ მართულ პარლამენტს, დაუყოვნებლივ თქვას უარი ამ შემზღუდავი ცვლილებების მიღებაზე და გააუქმოს არსებული რეპრესიული კანონმდებლობა, მათ შორის უცხოელი აგენტების კანონი (FARA-ს ქართული ვერსია) და ცვლილებები "გრანტების შესახებ" და "მაუწყებლობის შესახებ" კანონებში. დაბოლოს, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას, მკაცრი რეაგირება მოახდინონ მმართველი პარტიის მიერ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნაზე, მათ შორის დამატებითი მიზნობრივი სანქციების გზით.

2025 და 2026 წლებში Mapping Media Freedom-ის (MMF) მონაცემთა ბაზაში საქართველოში 149 განგაში დაფიქსირდა, რაც 268 ჟურნალისტსა და მედიასუბიექტს შეეხო", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)

  • ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია (EFJ)

  • Free Press Unlimited (FPU)

  • Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa (OBCT)

  • ევროპული ცენტრი პრესისა და მედიის თავისუფლებისთვის (ECPMF)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები