ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, “კრისტალ ჯგუფის” ხელმძღვანელი პირი ვლადიმერ სტეფანიანი გუშინ, 2025 წლის 7 ნოემბერს დააკავა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ “კრისტალ ჯგუფის” კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ და შპს “ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის” დამფუძნებელმა პირმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდა მხოლოდ კრისტალ ჯგუფის მომხმარებლებს.
"უნებართვოდ აშენებული სასტუმრო-აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა. ამ ეტაპისათვის, გამოძიებით დადგენილია 1 894 925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.
საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, “კრისტალ ჯგუფის” დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით", - განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საკურორტო ზონებში მიწის მისაკუთრების თუ უკანონო მშენებლობების საკითხს, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ცნობისთვის, დეველოპერული კომპანია “კრისტალ ჯგუფი” 2008 წლიდან ოპერირებს ბაკურიანში. კრისტალ ჯგუფმა საქმიანობა სასტუმრო ბიზნესით დაიწყო. განვითარების ახალ ეტაპზე კი კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა უძრავი ქონების მშენებლობასა და მართვას. ამჟამად, კრისტალი წარმოდგენილია კომპლექსურად: ყველაფერი ერთ სივრცეში და ჩამოყალიბდა ბრენდად, როგორც „კრისტალის საკურორტო ზონა“ ბაკურიანში.
"კრისტალ ჯგუფის" იგივე შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის 100%-იანი წილის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანია. სტეფანიანს 2021 წელს "ქართული ოცნებისთვის" 50 000 ლარი აქვს შეწირული, 2018 წელს - სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის - 60 000 ლარი. 2012 წელს კი "ნაცმოძრაობისთვის" 2500 ლარი.



























