მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 შეკითხვა ჯო ბაიდენს ეკონომიკის შესახებ

5fac196f19351
თათია კაკიაშვილი
12.11.20 00:00
1223
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გეგმები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, რესპუბლიკელებთან არაერთხელ გადაიკვეთება, იმ ფონზე, რომ რესპუბლიკელებმა კონგრესში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. არაერთი ანალიტიკოსის შეფასებით, ბაიდენის დღის წესრიგის ყველაზე ამბიციური ნაწილები დასაწყისიდანვე განწირულია.

როგორ გადაარჩენს ჯო ბაიდენი აშშ-ის ეკონომიკას?


თვეების განმავლობაში ამერიკელი ეკონომისტები ოფიციალურ ვაშინგტონს მიმართავდნენ თხოვნით, რომ პანდემიით დაზიანებული ეკონომიკა მეტად დაეფინანსებინათ. მაგრამ დღეს ეს მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, რადგან რესპუბლიკელები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ დემოკრატების მიერ ინიცირებული ხარჯების გეგმაზომიერებას.

კამპანიის დროს ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა სტუდენტური სესხების შემსუბუქებას, პენსიონერებისთვის სოციალური დაფინანსების გაზრდას და მცირე ბიზნესისთვის ფულის გამოყოფას. მან ასევე უფრო ამბიციური წინადადებებიც გააჟღერა, მაგალითად, ბაიდენი აპირებს $2 ტრილიონი დოლარის ინვესტიციას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჰაერის დასუფთავება, ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

BBC-ის ცნობით, რესპუბლიკელები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მტკიცე ხასიათს გამოავლენენ დემოკრატიული თეთრი სახლის წინადადებების წინააღმდეგ, რაც სამომავლოდ არაერთ კრიტიკულ დაპირისპირებას პროგნოზირებს.

როგორ გაუმკლავდება რიგით 46-ე პრეზიდენტი უთანასწორობას შემოსავლების ნაწილში?

მას შემდეგ, რაც აშშ-ში შემოსავლების უთანასწორობა 50-ზე მეტი წლის განმავლობაში მზარდია, ლიბერალების თხოვნას, რომ შედარებით შეძლებულ ფენას უფრო მაღალი გადასახადები დაუწესდეს, საზოგადოება ფართო მხარდაჭერას უცხადებს. კამპანიის დროს ბაიდენი მხარს უჭერდა 2017 წელს დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი გადასახადების შემცირების ნაწილს და მისი ერთ-ერთი დაპირება, სხვა ცვლილებებთან ერთად, იყო ის, რომ კორპორაციებისთვის განაკვეთი 21%-დან 28%-მდე გაიზარდოს.

შესაბამისად, ეკონომისტების შეფასებით, მის ამგვარ გეგმას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, სამ ტრილიონ დოლარზე მეტი თანხის მოზიდვის პოტენციალი აქვს, ეს კი პანდემიურ ამერიკაში ნამდვილად მისასალმებელია.

BBC წერს, რომ, ექსპერტების ვარაუდით, ბაიდენის წინადადებები არც ისე შორს მიმავალია, როგორც მისი ზოგიერთი სხვა გეგმა, რომელსაც მხარს უჭერდნენ მისი პარტიის წევრები. ამის მიზეზად კი სახელდება რესპუბლიკელების და ბიზნეს ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი არაერთი წინაღობა, რადგან როგორც რესპუბლიკელები, ასევე ბიზნეს ოპერატორები ამბობენ, რომ მაღალი გადასახადები ამერიკის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად დააზიანებს.

შეუძლია თუ არა ჯო ბაიდენს დანარჩენი ამერიკა დაარწმუნოს, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გარკვეული მოქმედების დროა?

2020 წლის გაზაფხულზე ჯო ბაიდენს ახალი, უფრო დამაჯერებელი მოსაზრება გაუჩნდა, რომელიც შემუშავებულია მისი ზოგიერთი ყოფილი კრიტიკოსის დახმარებით. ეს ახალი წინადადება შეფასდა, როგორც ყველაზე ამბიციური, რომელიც ისტორიის განმავლობაში ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატს ოდესმე წამოუყენებია. კერძოდ, ამერიკის ახალი პრეზიდენტის იდეაა, 400 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განახლებადი ენერგიის კვლევაში ჩადება; ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, ავტომობილების რეგულაციების გამკაცრება და ელექტრომობილების 500,000 დასამუხტი სადგურების მშენებლობა. რესპუბლიკელები მას აფრთხილებენ, რომ ეს გეგმა ამერიკის ეკონომიკას "დაასამარებს".

ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადაში, ელოდება თუ არა ქვეყანა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის წამოწყებული სავაჭრო ომების დასრულებას?

დონალდ ტრამპის აგრესიული სავაჭრო პოზიცია მოიცავდა მოკავშირეებზე თავდასხმას, საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას და ახალი გადასახადების გამოყენებას იმპორტზე - ალბათ ეს იყო მისი ყველაზე გამორჩეული ეკონომიკური პოლიტიკა.

BBC-ის ინფომაციით, ამჯერად, ეჭვგარეშეა, რომ ბაიდენი შეეცდება, ამ მხრივ, მდგომარეობა შეცვალოს და ამერიკის როლი მსოფლიო ბაზარზე წარმოაჩინოს, როგორც მოკავშირე და ლიდერი. რაც შეეხება ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებს, ბაიდენმაც აღიარა, რომ არსებული პოლიტიკა “აგრესიულია” და ხალხი ახლა მისგან ჩინურ საქონელზე დაწესებული ტარიფების მოხსნას ელის. სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ტრამპის მიერ გაუცხოებულ დიდი ხნის მოკავშირეებთან ისევე, როგორც კანადასთან და ევროპასთან, გარკვეული დაძაბულობა გაგრძელდება.

რაც შეეხება ბოლო დროს აქტუალურ ე.წ. Big Tech განხეთქილებას, რა სიახლეებია ამ მხრივ მოსალოდნელი?

ამერიკის ტექნოლოგიური გიგანტების პრაქტიკა დიდ ყურადღებას იპყრობს მთელ მსოფლიოში - და თვითონ შტატებშიც, სადაც პოლიტიკოსები უფრო მკაცრად ითხოვენ ისეთი წესების დაცვას, რომელიც კონკურენციას და მომხმარებელთა ინფორმაციის კონფიდენციალურობას ეხება. ბაიდენმა მხარი დაუჭირა კომპანიების დაშლას და, მათ შორის, გააკრიტიკა Facebook-იც დეზინფორმაციის გავრცელების გამო. ჯო ბაიდენი ემხრობა აშშ-ში მოქმედი კანონის გაუქმებას, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებს ათავისუფლებს მათ პლატფორმებზე განთავსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობისგან.