მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის დონაციები მიიღეს აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებმა?

64bed09936eb5
გიორგი არონია
25.07.23 00:30
748

2024 წლის ოთხ ნოემბერს, ანუ დაახლოებით ერთ წელიწადსა და ოთხ თვეში მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს მოქალაქეები ბოლო წლების და, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ათწლეულების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშე დადგება. მოვლენა, რომელიც ამ დღეს მოხდება - ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებია, ხოლო გადაწყვეტილება, როგორც ხვდებით, იმ ადამიანს უკავშირდება, რომელიც ამ პოსტს 2028 წლამდე დაიკავებს.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად, კანდიდატმა წარმატებული საარჩევნო კამპანია უნდა ჩაატაროს, რაშიც, დიდ როლს, ცხადია, დაფინანსება ასრულებს. აშშ-ის შემთხვევაში, საპრეზიდენტო კანდიდატს საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება ორი გზით შეუძლია - ფულის კერძო და საჯარო უწყებებისგან მოზიდვით. კერძო დაფინანსება მოიაზრებს, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ასევე მდიდარი ადამიანებსა და ორგანიზაციებს და რეალურად, კანდიდატების მიერ მიღებული დონაციების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ტიპის შემოწირულებებზე მოდის.

ბოლო წლებში, საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ მოზიდული თანხების მოცულობა იზრდება, რადგან სოციალური მედიის ათვისების ფონზე, რეკლამირების ხარჯები სულ უფრო და უფრო იზრდება. შესაბამისად, კანდიდატები სულ უფრო და უფრო დამოკიდებულები ხდებიან კონკრეტული მდიდარი ინდივიდების დონაციებზე. ამასთან, საპრეზიდენტო კანდიდატები ფულს სხვადასხვა პროდუქტების, ანუ მერჩენდაიზის გაყიდვით და წვეულებების მოწყობითაც შოულობენ.

საარჩევნო ციკლში მოზიდული თანხა, ცხადია, პირდაპირ კავშირშია არჩევნებში მიღწეულ შედეგთან, მაგრამ რაც არ უნდა ვთქვათ, რომ არჩევნებს ფული იგებს, ეს ყოველთვის ასე არ არის. მიუხედავად ამისა, ამ სტატიაში სწორედ ფულზე ვკონცენტრირდებით და მოგიყვებით, თუ ვინ მოიზიდა ყველაზე მეტი ფული საპრეზიდენტო კანდიდატებიდან მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ანუ ივნისის ჩათვლით.

თუმცა, სანამ კონკრეტულ ადამიანებზე მოგიყვებით, ამერიკული პოლიტიკის ერთ თავისებურებას გეტყვით. მსოფლიოს პირველი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო ორპარტიულ სისტემაზე დგას, ანუ მოქალაქეებს კანდიდატების არჩევა, ძირითადად, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უწევთ. დემოკრატიული პარტიის კანდიდატები, როგორც წესი, დონაციების დიდ ნაწილს ინდივიდუალური მოქალაქეებისგან იღებენ, ხოლო რესპუბლიკელები - მდიდარი ადამიანებისგან.

ახლა კი, საპრეზიდენტო კანდიდატებზე გადავიდეთ და რესპუბლიკური პარტიით დავიწყოთ. პირველი კანდიდატი, რომელზეც მოგიყვებით, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტია. მიმდინარე წელს, დონალდ ტრამპმა $34.2 მილიონი მოიზიდა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რესპუბლიკელი კანდიდატის შემთხვევაში. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დონალდ ტრამპი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომელსაც პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევა ძალიან სურს. ასე რომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ დონალდ ტრამპი საკუთარ თავს დამატებით რამდენიმე მილიონ დოლარს შესწირავს, მით უფრო რომ ამ სახის დონაციაზე ამერიკული კანონი შეზღუდვებს არ ითვალისწინებს.

დონალდ ტრამპის შემდეგ, რესპუბლიკელებს შორის, ამ დროისთვის, ყველაზე მეტი ფული ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა მოიზიდა, რომელიც, ობიექტურად, ამ ეტაპზე, დონალდ ტრამპის ერთადერთ რეალურ კონკურენტად განიხილება. დესანტისი 43 წლისაა, ანუ ამერიკული პოლიტიკისთვის საკმაოდ ახალგაზრდად ითვლება. ამასთან, ის ქარიზმატულია, ხოლო რესპუბლიკელები მას დონალდ ტრამპს ადარებენ, რაც დღევანდელ პოლიტიკურ კლიმატში, ერთგვარი პლუსიცაა, რომელიც ფინანსურ მაჩვენებლებზეც აისახება, რადგან მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით, რონ დესანტისმა თითქმის $30 მილიონის დონაციები მიიღო.

მოზიდული დონაციების მხრივ რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის მესამე ადგილს გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი იკავებს, რომელმაც ამ წლის პირველ ნახევარში თითქმის $16 მილიონი მოიზიდა, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. ამასთან, ნიკი ჰეილი მოზომილ რესპუბლიკელად ითვლება და შესაბამისად, იმ ადამიანების ხმების წამოღებას შეძლებს, რომლებსაც ქვეყანაში პოლარიზების დასრულება სურს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ ნიკი ჰეილის შეუძლია, ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდეს. ამის შანსები, ცხადია, მცირეა, მაგრამ ეს მაინც შესაძლებელია, რადგან ნიკი ჰეილი არ არის ისეთი მაპოლარიზებელი ფიგურა, როგორიც, მაგალითად, ჰილარი კლინტონი იყო. ამასთან, ამერიკელი ამომრჩევლის თვალში ის გაცილებით ძლიერ ფიგურად ითვლება, ვიდრე, მაგალითად, აშშ-ის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი.

რესპუბლიკელებს სხვა პოტენციური კანდიდატებიც ჰყავთ, მათ შორის აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, სამხრეთ კაროლინას სენატორი, ტიმ სკოტი, არკანზასის სენატორი, ტიმ კოტონი და ქვეყნის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, მაგრამ დემოკრატებთან მათი შერკინება ნაკლებსავარაუდოა, ასე რომ დროა დემოკრატიული პარტიის კანდიდატებზე გადავიდეთ.

დღევანდელი მონაცემებით, დემოკრატიულ პარტიას, რეალურად, ორი სერიოზული კანდიდატი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი ამერიკის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის ძმის, ქვეყანაში არანაკლებ ცნობილი რობერტ, იგივე ბობი კენედის შვილი, რობერტ კენედი უმცროსია. განათლებითა და საქმით, რობერტ კენედი უმცროსი იურისტია, თანაც საკმაოდ მაღალანაზღაურებადი. ამასთან, მიმდინარე წელს მან $6.3 მილიონი მოიზიდა დონაციების სახით, მაგრამ საკითხს ობიექტურად თუ შევხედავთ, რობერტ კენედი უმცროსის გაპრეზიდენტება საკმაოდ მოულოდნელია, რადგან ის მეტად მაპოლარიზებელი ფიგურაა და არც იმ რაოდენობით მხარდამჭერები ჰყავს, როგორც მის მთავარ კონკურენტს.

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომაა ნაკლებად სავარაუდო რობერტ კენედის გაპრეზიდენტება, აი, ამ ადამიანს უკავშირდება. ეს ადამიანი ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, 80 წლის ჯო ბაიდენია. ბოლო დროს, ბაიდენზე ბევრი უცნაური რამ იწერება, რის გამოც, ჩნდება ეჭვი, რომ ამერიკის ისტორიაში უხუცესი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულ წესრიგში არ არის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამომრჩევლები ჯო ბაიდენს ენდობიან, რაც რიცხვებითაც დასტურდება. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ჯო ბაიდენმა $72 მილიონი მოიზიდა, რაც 2-ჯერ მეტია, ვიდრე ტრამპის შემთხვევაში. ბაიდენის დომინაციას პირველ რიგში მისი სტატუსი განაპირობებს, რადგან ორივე პარტია, როგორც წესი, შემდეგ არჩევნებზე კანდიდატად სწორედ მოქმედ პრეზიდენტს ასახელებს.

აი, ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების წინასაარჩევნო დონაციების ანატომია. კონკრეტულად ვის წამოაყენებს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტია, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში იქნება ცნობილი. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ორი ადამიანი ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იქნებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები