ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიის წლევანდელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა აპრილში ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტზე, დემოკრატ ჯო ბაიდენზე მეტი მიიღო წინასაარჩევნო შემოწირულებების სახით, რაც მიმდინარე წელს პირველად მოხდა და შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ სასამართლო დავა, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ნიუ-იორკში იმართება, ექსპრეზიდენტის წისქვილზე ასხამს წყალს. თანაც, შემოწირულებებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია: თუ ჯო ბაიდენმა $51 მილიონის დონაციები მიიღო, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა $76 მილიონის მობილიზება შეძლეს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად, კანდიდატმა წარმატებული საარჩევნო კამპანია უნდა ჩაატაროს, რაშიც, დიდ როლს, ცხადია, დაფინანსება ასრულებს. აშშ-ის შემთხვევაში, საპრეზიდენტო კანდიდატს საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება ორი გზით შეუძლია - ფულის კერძო და საჯარო უწყებებისგან მოზიდვით. კერძო დაფინანსება მოიაზრებს, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ასევე მდიდარი ადამიანებსა და ორგანიზაციებს და რეალურად, კანდიდატების მიერ მიღებული დონაციების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ტიპის შემოწირულებებზე მოდის.
მსოფლიოს პირველი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო ორპარტიულ სისტემაზე დგას, ანუ მოქალაქეებს კანდიდატების არჩევა, ძირითადად, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უწევთ. დემოკრატიული პარტიის კანდიდატები, როგორც წესი, დონაციების დიდ ნაწილს ინდივიდუალური მოქალაქეებისგან იღებენ, ხოლო რესპუბლიკელები - მდიდარი ადამიანებისგან. საარჩევნო ციკლში მოზიდული თანხა, ცხადია, პირდაპირ კავშირშია არჩევნებში მიღწეულ შედეგთან, მაგრამ რაც არ უნდა ვთქვათ, რომ არჩევნებს ფული იგებს, ეს ყოველთვის ასე არ არის.