ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხარდაჭერის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება და ამჟამად, 38.7%-ს შეადგენს, - სწორედ ასეთია რამდენიმე წამყვანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის კონსოლიდირებული შედეგები, რომელთაც ორგანიზაციები ფაქტობრივად ყოველკვირეულად აქვეყნებენ. ამ ეტაპზე, ჯო ბაიდენი არაპოპულარული პრეზიდენტია, რადგან გამოკითხვების თანახმად, ამერიკის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, კერძოდ კი 55.5%, მას მხარს არ უჭერს.
აღსანიშნავია, რომ უარყოფითი რეიტინგი ჯო ბაიდენისთვის არახალია, მეტიც - ამ ტენდენციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 2021 წლის სექტემბრის შემდეგ მიჰყვება, როცა უარყოფითმა შეფასებამ დადებითს პირველად გადაუსწრო. არადა ინაუგურაციის შემდეგ ამ დრომდე, ჯო ბაიდენის რეიტინგი დადებითი იყო და პიკში 55%-საც კი შეადგენდა.
საინტერესოა, რომ ჯო ბაიდენის რეიტინგის შემცირების პარალელურად იზრდება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეფასება და გარკვეულ შტატებში, ტრამპი ბაიდენს მნიშვნელოვნად უსწრებს. მაგალითად, ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპს მოსახლეობის 42% უჭერს მხარს, როცა ჯო ბაიდენის შეფასება 33%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება იმ კვლევებშიც, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. 3-5 ნოემბერს ჩატარებული კვლევის თანახმად, ტრამპს მოსახლეობის 44% უჭერს მხარს, ბაიდენს კი - 42%.
აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის, დონალდ ტრამპი უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა. ბოლო მონაცემებით, ის ერთბაშად 35-37%-ით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ნიკი ჰეილის და მესამე ადგილზე მყოფ რონ დესანტისს.