“შემობრუნება უკრაინის” მიმართ, ასე აფასებენ ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკაში გამართულ ვიზიტის, რომელიც ოვალურ ოფისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ნამდვილად წარმატებული გამოდგა. პოზიტიური შეხვედრა დონალდ ტრამპთან და დიდი უმრავლესობით სენატში მხარდაჭერილი სანქციების კანონპროექტი, რომელიც მიღების შემთხვევაში ყველაზე მძლავრი სანქცია იქნება რუსეთის წინააღმდეგ, რაც კი ტრამპის ადმინისტრაციას დაუწესებია.
უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადმინისტრაციის შემობრუნება, ბოლო პერიოდში კიევის წარმატებას უკავშირდება. უკრაინა, რომელიც წლების განმავლობაში დასავლეთს რუსეთის შემოსავლის მთავარი წყაროს გადაკეტვას სთხოვდა და ომის მეოთხე წლისთავზეც ვერ შეძლო ევროპამ რუსულ ნავთობზე უარი ეთქვა, ახლა უკრაინამ თავად მიიტანა იერიში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რის შედეგადაც ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ რუსეთს, ახლა თავად უწევს ნავთობის იმპორტი.
"გარდატეხა მაინცდამაინც ამ კვირაში არ დაწყებულა. პრინციპში, ცოტა უფრო ადრე დაიწყო, როდესაც, ერთი მხრივ, უკრაინის მხრიდან სწორედ ეს დრონების საკითხი გამოჩნდა და მეორე მხრივ, როდესაც ირანთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელი გახდა იმ კუთხით, რომ რუსეთი ეხმარება ირანს, რომლის წინააღმდეგაც ამერიკის შეერთებული შტატები ღია ომშია. როდესაც რუსეთი ამ შემთხვევაში ძალიან ღიად უშლის ხელს შეერთებულ შტატებსა და დონალდ ტრამპს ირანში წარმატების მიღწევაში რა თქმა უნდა, ტრამპი პრინციპით „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“ უკვე ცდილობს, რომ ძალიან ღიად დაუჭიროს მხარი უკრაინას", - ამბობს ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელი გიორგი ლაბაძე.
ვაშინგტონში ვიზიტი ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრით დაიწყო. მართალია შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ შეხვედრაზე Patriot-ის ტიპის რაკეტების საკითხიც განიხილეს.
"კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის მისაღწევად. უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტ ტრამპს მივუსამძიმრე ლინდსი გრემის გარდაცვალების გამო. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარი იყო. პრეზიდენტთან განვიხილეთ Patriot-ის გადამჭერების წარმოების ლიცენზიები და ზოგიერთი სხვა იდეა, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს. ასევე ვისაუბრეთ დიპლომატიაზე, მნიშვნელოვანია დიპლომატიური პროცესის გააქტიურება. ჩვენი გუნდები შეათანხმებენ შემდგომი კომუნიკაციის დეტალებს. მადლიერი ვარ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის", - დაწერა მან.
უფრო მოკლე იყო ზელენსკითან შეხვედრის შეფასებისას ამერიკის პრეზიდენტი: ჩემთვის დიდი პატივია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა. ბევრი საკითხი იქნა განხილული. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა.
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი შედეგი სენატში გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის მიერ მომზადებული პროექტის მხარდაჭერა იყო. 86 ხმით 12-ის წინააღმდეგ, ასეთი იყო პროცედურული კენჭისყრის შედეგები. ზელენსკი კენჭისყრის დროს სენატში იმყოფებოდა, ის ასევე შეხვდა 60-მდე სენატორს ორივე პარტიიდან.
პროექტით, რომელსაც გრემის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს, სანქციები უნდა გაფართოვდეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. კანონპროექტი პრეზიდენტს ასევე უფლებას აძლევს 100%-იანი გადასახადი დააწესოს იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ დიდი რაოდენობით ნავთობს და გაზს და მას სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. პროექტს წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერა სჭირდება და მერე პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.
"რესპუბლიკურმა პარტიამ ფაქტობრივად მთლიანად დაუჭირა მხარი ამ კანონპროექტს. ერთადერთი მოწინააღმდეგე რენდ პოლი იყო, რომელიც ეგრეთ წოდებულ ლიბერტარიანულ ფრაქციას მიეკუთვნება. მარტივად რომ ვთქვათ, რესპუბლიკური პარტია მას თითქმის მთლიანად დაუჭერს მხარს და დიდი ალბათობით, დემოკრატებიც მიემხრობიან. შესაბამისად, ეს არის რუსეთის კიდევ უფრო ალყაში მოქცევის ინიციატივა, რაც ამერიკელებს სურთ", - ამბობს ლაბაძე.
უკრაინის პრეზიდენტი დაესწრო ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიას, რომლის გარდაცვალებამაც უკრაინა ვაშინგტონში ყველაზე გავლენიანი მოკავშირის გარეშე დატოვა. სანქციების ახალ პროექტს, გრემის საპატივსაცემლოდ მისი სახელი უწოდეს
გრემთან ერთად კანონპროექტის თანაავტორი დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალია, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო კანონპროექტის მიღება გრემის ღვაწლის მხარდაჭერა იქნება.
"უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. ამის განსაკუთრებულად სჯეროდა ლინდსი გრემს და ამ რწმენით ცხოვრობდა. ეს კენჭისყრა წინ გადადგმული ნაბიჯია. წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა ეს ადასტურებს, რომ ამერიკელი ხალხი უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით. იმისთვის, რომ შევაჩეროთ სისხლიანი ფულის დენა, რითაც რუსეთის სასტიკ ინტერვენციას და ხოცვა-ჟლეტას აფინანსებს და პუტინი ვაიძულოთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს მშვიდობის მისაღწევად. სწორედ ამიტომ მე და სენატორმა გრემმა ეს კანონპროექტი დიდი ძალისხმევით შევიმუშავეთ. ამ პროექტის საბოლოო დამტკიცება ლინდსი გრემის ღვაწლის დაფასება იქნება", - ამბობს დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი.
სამხედრო სფეროში დახმარების გარდა, უკრაინისთვის ამერიკა რუსეთთან მოლაპარაკებებშიც ძალიან მნიშვნელოვანია მით უფრო ახლა, როცა თავად პუტინის უახლოესი მოკავშირეები გამოდიან ომის დასრულების მოწოდებით, ხოლო უკრაინა დრონით თავდასხმებით ცდილობს რუსეთი მოლაპარაკებების მაგისდასთან დასვას.




























