აშშ-უკრაინის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია. დაპირისპირება ამჟამად რუსეთთან დიზელზე შეთანხმებას მოჰყვა, რამაც უკრაინის უკმაყოფილება გამოიწვია, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი კი კიევისთვის ახალი პრეზიდენტის საჭიროებაზე აალაპარაკა.
9 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებს დიზელის საწვავის მიწოდებას აშშ-ისა და საერთაშორისო ბაზრებისთვის.
პირველ ეტაპზე საუბარია დაახლოებით 300 ათას ტონაზე, რითაც ტრამპი იმედოვნებს, რომ აშშ-ში გაძვირებულ საწვავს გააიაფებს, რომელზეც ფასი მის მიერ ირანში წამოწყებული ომის შემდეგ გაიზარდა. ამერიკის პრეზიდენტისთვის საწვავის გაიაფება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 3 ნოემბერს რესპუბლიკელებს ტრამპის მეთაურობით შუალედურ არჩევნებში უწევთ გასვლა.
"ახლახან დავასრულე ძალიან წარმატებული მოლაპარაკება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. შევთანხმდით, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწოდებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელს ამერიკულ და მსოფლიო ბაზარს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბერში, ხოლო 1 000 000 ტონას შემდეგ პერიოდში. გარდა ამისა, რუსეთი თავისი დიზელის გადამმუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში 3 000 000 ტონა დიზელის საწვავს მოგვაწვდის. ჰორმუზის სრუტის ჩვენი სრული კონტროლისა და რუსულ ენერგორესურსებთან დაკავშირებული ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების გათვალისწინებით, დიზელის ფასი ამერიკელებისთვის და ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის რეკორდული ტემპითა და ძალიან მალე დაიწევს. ამერიკელებისთვის და განსაკუთრებით ჩვენი შესანიშნავი ფერმერებისთვის და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის ფასების შემცირება ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია", - დაწერა ტრამპი.
აშშ-მ ამ დრომდე ვერ მოახერხა ირანთან საბოლოო შეთანხმება, რომელიც წლის დასაწყისში ისრაელთან ერთად თეირანზე თავდასხმით დაიწყო, რასაც შემდგომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა და მსოფლიოში ნავთობის გაძვირება მოჰყვა. სპარსეთის ყურიდან ოკეანეში ამ ვიწრო გასასვლელის ჩაკეტვამ, რომელიც მსოფლიო ნავთობის 20%-ს ატარებს, ყველა ტიპის საწვავი გააძვირა. წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობი დაახლოებით 70%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბრენტის ფასი ბარელზე უკვე 104 დოლარს აჭარბებს.
ინფლაციის შემცირების დაპირებით მოსული ტრამპისთვის სამომხმარებლო ფასები წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამაზე მოწმობს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დიზელზე ცოტა ხნის წინ დაწესებული შეღავათიც, როცა წითლად მარკირებული იაფი დიზელის გამოყენება საყოველთაოდ დაშვებული გახდა.
9 ოქტომბერსვე, როცა ტრამპი პუტინს დიზელის მიწოდებაზე უთანხმდებოდა, მაიამიში მიმდინარეობდა აშშ-უკრაინის მოლაპარაკება, რომელიც დაგეგმილზე ადრე დასრულდა. უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, აშშ-ის მხრიდან კი ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და მისი სიძე ჯარედ კუშნერი. უკრაინულ მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე უიტკოფი და კუშნერი დაიმუქრნენ, რომ აშშ უკრაინას შეუწყვეტდა სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომა, თუკი კიევი მომავალშიც გააგრძელებდა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დარტყმას.
Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპს არასწორი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებენ და ხაზი გასულა, რომ უკრაინული მხარე ამერიკასთან ურთიერთობებს უფრთხილდება.
"თუ შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთიანობა არ გვექნება, გამარჯვებისკენ მიმავალი გზა ბევრად გაიწელება. ამერიკელები ჩვენს მხარეს არიან, ეს მართლაც ასეა. ვიცი, რომ შეერთებული შტატების მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინას. კარგად მესმის ის გამოწვევები, რაც პრეზიდენტის წინაშე დგას ირანი, მთელი ახლო აღმოსავლეთი და ნავთობის კრიზისიც. ჩვენ გვესმის, რომ ამ პრობლემების სათავე იქ არის და არა უკრაინაში. ასევე არის არჩევნები და ბევრი სხვა საკითხი, რაზეც ის ფიქრობს. მაგრამ ვიღაც მას არასწორი მიმართულებით უბიძგებს. ჩვენ ამერიკასთან ურთიერთობები არ დაგვიზიანებია. მე შეერთებული შტატების პრეზიდენტის ერთგული პარტნიორი ვარ. და ეს არა პიროვნული ფაქტორით გამოწვეული, არამედ იმით, რომ უკრაინა აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია. ეს ისეთივე ურთიერთობაა, როგორიც ჩვენ და დიდ ბრიტანეთს, ან დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს აქვს. ერთიანობის გარეშე ყველაფერს დავკარგავთ, რადგან რუსეთს შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ცალ-ცალკე ებრძოლოს", - განაცხადა ზელენსკიმ.
ტრადიციულად უფრო პირდაპირი და კრიტიკული იყო ამერიკის 47-ე პრეზიდენტი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ზელენსკი უნდა გადადგეს, რადგან მას პუტინთან შეთანხმება არ შეუძლია: მე მას ვუთხარი აკეთე ის, რაც გინდა ოღონდ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყა. უამრავი სამიზნეა და ქარხნებს ნუ დაარტყამ-თქო. ის კი წავიდა და მაინც თავს დაესხა. უკრაინელებს ვურჩევ, იპოვონ ახალი ლიდერი, რომელსაც შეთანხმების დადება შეეძლება, რადგან მას ბევრჯერ შეეძლო გარიგების დადება, თუმცა რაღაც მიზეზების გამო ეს არასდროს გაუკეთებია. უფრო მეტსაც გეტყვით, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა. არანაირი მიზეზი არ არსებობდა იმისთვის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი მომხდარიყო. ვფიქრობ, დროა უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს.
ამ განცხადებას ზელენსკიმ ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში უპასუხა და თქვა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ახლა ამ თემაზე საუბარი შეცდომაა.
"თუ საქმე პერსონალურ დამოკიდებულებას ეხება მაგალითად იმას, რომ უკრაინას ახალი ლიდერი სჭირდება ან არჩევნები უნდა ჩატარდეს, მე ამაზე პრობლემა არ მაქვს. ჩემთვის ეს უბრალოდ რიტორიკაა. თუმცა ჩემი აზრით, ამაზე ლაპარაკი შეცდომაა, რადგან საერთოდ არ მესმის რას ემსახურება. მაგრამ არა უშავს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, არც ამერიკელ ხალხს მოეწონება მსგავსი განცხადებები. ასე რომ, ეს არც თავად პრეზიდენტისთვის არის სარგებლის მომტანი. მე ამ სავარძელს არ ვებღაუჭები ისე თითქოს 30 წელი უნდა ვიყო პრეზიდენტი. ეს არასდროს მოხდება. აქ მთავარია, რომ პუტინი ახლა ზეწოლას ვერ გრძნობს და როცა ის ზეწოლას ვერ გრძნობს, თავს გვესხმის", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამერიკული გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციასთან დროზე ადრე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ტრამპის წარმომადგენლები უიტკოფი და კუშნერი უკვე მოსკოვში ვიზიტს გეგმავენ პუტინთან მოსალაპარაკებლად. ტრადიციული პარტნიორების კრიტიკის ფონზე, ჯერჯერობით რუსეთი და ამერიკა შეთანხმებას ახერხებენ. ტრამპი-პუტინის სატელეფონო ზარის შემდეგ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის აპრილამდე შეაჩერა რუსული დიზელისთვის დაწესებული სანქციები. თავის მხრივ რუსეთმა გამოაცხადა, რომ აუქმებს დიზელის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს.
























