"კრიპტოვალუტის საქმეზე" ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად დაიკითხება. ივანიშვილმა დისტანციურად დაკითხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო და ასაკიდან გამომდინარე მოითხოვა.
გიორგი ბაჩიაშვილმა მედიასთან თქვა, რომ ამით მისი ვარაუდი გამართლდა, რომ ივანიშვილი ვერ გაბედავდა პროცესზე პირადად მისვლას.
"დაზარალებულმა მხარემ, მათ შორის ივანიშვილის ასაკის გამო, მოითხოვა მისი დისტანციურად დაკითხვა. თქვეს, რომ მათ შორის იქიდან გამომდინარე, რომ დაკითხვა შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს. ანუ, ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ჩვენი ქვეყნის მართვა სურს, არ შეუძლია, ასაკის გამო სასამართლოში გამოცხადება.
ის იმყოფება საქართველოში და არავითარი ცნობა არ ყოფილა წარმოდგენილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სხვა მიზეზი, არ შეიძლება არსებობდეს სასამართლოში არ გამოცხადებისთვის. შესაბამისად, მას შეუძლია აქ მოსვლა, მაგრამ ის ამ პასუხისმგებლობას გაექცა. მან ვერ გაბედა აქ მოსვლა.
რა თქმა უნდა დახურავენ ამ პროცესსაც. მოსამართლე ვერაფერს იზამს. რასაც მოითხოვს ივანიშვილი, იმას დაუკმაყოფილებენ", - თქვა ბაჩიაშვილმა.
"კრიპტოვალუტის საქმეზე" საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დასაკითხ პირთა სიაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ გაგუა. ასევე, "ბაკი ქართუს" გენერალური დირექტორის მოადგილე გივი ლებანიძე.
ბრალდების მხარემ აღნიშნულ შუამდგომლობაზე განაცხადა, რომ პოზიციას აკორექტირებდა და აღნიშნულ მოწმეებს, როგორც ბრალდების მხარის მოწმეებს, ისე წარმოადგენდა.
ეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
აღნიშნული ქმედება კი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.