GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ გაცხადებული გეგმა 5 წელიწადში ქვეყნის დადგმული სიმძლავრის გაორმაგების შესახებ, ინვესტორებისთვის სერიოზული მესიჯია.
დარგობრივი გაერთიანების ხელმძღვანელი ეკონომიკის სამინისტროსა და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების კომუნიკაციას დადებითაც აფასებს და ამბობს, რომ შედეგად კერძო-საჯარო მუშაობის ფორმატმა ფაქტობრივად მიძინებული პროექტები და სექტორი, რომელიც ძალიან დიდი ხანია ფაქტობრივად მორატორიუმის ტიპის ფორმატში იყო გააცოცხლა.
„თავიდან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რამდენი პროექტი და რა სიმძლავრე ესაჭიროება ქვეყანას შემდეგი 5 და 10 წლის განმავლობაში. საუბარია, რომ პირველი 5 წლის განმავლობაში 4 000 მგვტ დამატებითი სიმძლავრე შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით დადგმული სიმძლავრე 4 500 მგვტ-ია. აქედან გამომდინარე, 5 წლის განმავლობაში ენერგოსიმძლავრეების გაორმაგება სერიოზული მესიჯია ჩვენი ინვესტორებისთვის“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილი.
ცნობისთვის, 9 მარტს ეკონომიკის მინისტრი და უწყების ენერგეტიკული მიმართულების წარმომადგენლები დარგში მოქმედ ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ღონისძიება „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებმა მიიღეს. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას 4000 მგვტ სიმძლავრის დაერთებისა და შემნახველი ბატარეების შეძენისთვის, 5 წლის განმავლობაში €570 მლნ დასჭირდება.




























