მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ქაღალდის ინვესტორების“ ეპოქა სრულდება - სახელმწიფო მათ 9 მლნ ლარს დაუბრუნებს - გიორგი აბრამიშვილი

ენერგეტიკა

„ქაღალდის ინვესტორების“ ეპოქა სრულდება - ამის შესახებ BMG-სთან “განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ (GREDA) გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი ქსელის წესებში შესულ ცვლილებებზე აცხადებს.

მისი თქმით, სისტემატიზაცია ბოლო მოუღებს „ქაღალდის ინვესტორების“ მიერ სიმძლავრეების უსაფუძვლო დარეზერვებას და რეალურ დეველოპერებს გზას გაუხსნის.

გიორგი აბრამიშვილის განმარტებით, აქამდე არსებული პრაქტიკა, როდესაც გარკვეული პირები პირადი კონტაქტებისა თუ სხვა შერჩევითი გზებით სიმძლავრეებს შემდგომში მათი გადაყიდვის მიზნით „არეზერვებდნენ“, სექტორს მნიშვნელოვნად აფერხებდა.

„რეალურად, სპეკულაციის ბაზარი ნელ-ნელა იზღუდება და რეალურ ინვესტორებსა და დეველოპერებს საშუალება ექნებათ განახორციელონ პროექტები ენერგეტიკაში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცვლილებები. ასევე, სისტემატიზაცია ნიშნავს ერთი მხრივ, გამჭვირვალობას, მეორე მხრივ, იმას, რომ გასაგები იქნება, თუ ვისთვის არის შესაძლებელი კონკრეტული პროექტის განხორციელება და რა ეტაპი უნდა გაიაროს ამისთვის“ - აცხადებს გიორგი აბრამიშვილი BMG-სთან.

მისივე ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) გეგმავს იმ პროექტების სიმძლავრეების გამოთავისუფლებას, რომელთაც მიერთების საფასური გადახდილი აქვთ, თუმცა, მთავრობასთან ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ.

„გვქონდა საუბარი მრჩეველთა საბჭოს ფარგლებში, სახელმწიფო ელექტროსისტემაში. ითქვა, რომ ჯამში, დაახლოებით, 9 მილიონ ლარზეა საუბარი, რომელსაც სახელმწიფო ელექტროსისტემა უკან დაუბრუნებს ე.წ. "ქაღალდის ინვესტორებს".

ჯამში, რეალური ინვესტორებისთვის ადგილი გამოთავისუფლდა, და მეორე მხრივ, იმედი გვაქვს, რომ პროექტების განხორციელების ბიუროკრატიის ვადაც შემცირდება, იმიტომ რომ სახელმწიფოსთვის და მთავრობისთვის გასაგები იქნება, ვისთან რა ფორმით უნდა იურთიერთოს“ - ამბობს გიორგი აბრამიშვილი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „ქსელის წესებში“ ცვლილებები შეიტანა. ახალი დადგენილება, რომელიც ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა, მკაცრად არეგულირებს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების (ჰესები, მზისა და ქარის სადგურები) გადამცემ ქსელთან მიერთების პირობებს. ცვლილებების მთავარი მიზანი გადამცემი ქსელის სწორი დაგეგმარება, საჯარო ინტერესების დაცვა და ე.წ. „ქაღალდზე არსებული“ პროექტების მიერ ქსელური სიმძლავრეების უსაფუძვლოდ დაკავების პრევენციაა.

ქსელის წესების თანახმად, ქსელთან მიერთების მსურველმა კომპანიამ (მაძიებელმა) აუცილებლად უნდა წარადგინოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი ან ხელშეკრულება. ამ საბუთით უნდა დასტურდებოდეს, რომ მისაერთებელი ობიექტი რეალურად არსებობს და იგი იმყოფება ან ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის, ან უშუალოდ მშენებლობის (განხორციელების) ეტაპზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები