აგვისტოში ქალის ზამთრის ფეხსაცმელი 29.7%-ით გაძვირდა და საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ათეულში მე-8 ადგილი დაიკავა. ამ ფონზე, BM.GE დაინტერესდა, როგორია საქართველოში ფეხსაცმლის იმპორტის დინამიკა და რომელი ქვეყნებიდან შემოდის ძირითადად პროდუქცია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფეხსაცმლის იმპორტის ღირებულება ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგებულია. 2026 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში $77.05 მილიონის ღირებულების ფეხსაცმელი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $35.47 მილიონი იყო.
შესაბამისად, ხუთწლიან პერიოდში ფეხსაცმლის იმპორტის ღირებულება 117%-ით, ანუ $41.57 მილიონით გაიზარდა.
იმპორტის დინამიკა ზრდის ტენდენციას თითქმის მთელი ამ ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში აჩვენებს. 2022 წლის იანვარ-ივლისში იმპორტის ღირებულება წლიურად დაახლოებით 43%-ით გაიზარდა და $50.8 მილიონს მიაღწია. 2023 წელს ზრდამ 21%, ხოლო 2024 წელს 15% შეადგინა.
რაც შეეხება 2025 წელს, ამ პერიოდში ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით იმპორტის ღირებულება მხოლოდ 2.2%-ით გაიზარდა. 2026 წლის იანვარ-ივლისში კი ზრდის ტემპი კვლავ დაჩქარდა და წლიურად 6.8% შეადგინა.
ფეხსაცმლის იმპორტში მთავარი მომწოდებელი ჩინეთია. 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ჩინეთიდან $19.2 მილიონი ღირებულების, 3 124 ტონა ფეხსაცმელი შეიძინა. მეორე ადგილზე თურქეთია - საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან საქართველოში დაახლოებით $6 მილიონის ღირებულების, 592 ტონა ფეხსაცმელი შემოვიდა.
მესამე უმსხვილესი მომწოდებელი იტალია იყო. იანვარ-ივლისში საქართველომ იტალიიდან $5.7 მილიონი ღირებულების ფეხსაცმელი შემოიტანა, თუმცა იმპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და 66 ტონა შეადგინა.




























