მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რაც საქართველოში ჩამოვედი, ისეთი მაღალი ფასებია, თუ რამე არ შეიცვალა, ოფისის გახსნას არ ვგეგმავ“ - Top Fly

travel

ტურისტული კომპანია Top Fly-ს დამფუძნებელი დათა აქუბარდია საქართველოში ბიზნესის სრულად აღდგენას ამ ეტაპზე აღარ გეგმავს. როგორც მან BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, ამერიკაში წასვლის შემდეგ კომპანიის ფიზიკური ოფისი დაიხურა და დღეს Top Fly მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, ძირითადად ძველი მომხმარებლებისთვის, ბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნის მიმართულებით მუშაობს.

კომპანია ზუგდიდში 2023 წელს გაიხსნა და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ფიზიკური ოფისით ოპერირებდა. აქუბარდიას თქმით, ქვეყანაში შექმნილი გაურკვევლობისა და მოგზაურობაზე მოთხოვნის შემცირების ფონზე, კომპანიამ ფიზიკური ოფისი დაახლოებით ორი წლის წინ დახურა და საქმიანობა ონლაინ რეჟიმში გააგრძელა.

მისი თქმით, „რუსული კანონის“ მიღების პერიოდში მომხმარებლების ნაწილი მოგზაურობისგან თავს იკავებდა, რამაც ტურისტულ ბიზნესზეც იმოქმედა. ამჟამად აქუბარდია საქართველოში ერთი თვით იმყოფება, რის შემდეგაც ამერიკაში დაბრუნებას გეგმავს, სადაც მუშაობას აგრძელებს. ტურიზმის სფეროში საქმიანობის გაგრძელებას ის მომავალში, მათ შორის ამერიკის ბაზარზე, განიხილავს.

Top Fly-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ოფისის ხელახლა გახსნის გეგმები გადადო. მისი შეფასებით, ქვეყანაში ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა კი შემცირებული.

"ახლა რაც საქართველოში ჩამოვედი, ისეთი მაღალი ფასები და ისეთი მდგომარეობაა, თუ რაღაც კიდევ არ შეიცვალა უკეთესობისკენ, არ მგონია. ამ ეტაპზე ოფისის გახსნას არ განვიხილავ", - აცხადებს დათა აქუბარდია.

მისი თქმით, მოგზაურობაზე მოთხოვნის შემცირების პარალელურად თავად ტურისტული მომსახურების ფასებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. განსაკუთრებით კი ავიაბილეთების გაძვირებას აღნიშნავს : „50%-ზე მეტი არის [ზრდა]. ზოგჯერ, ბილეთების ფასი 1500 ლარამდეც ადის, მანამდე კი 200, 250, 150 დოლარად ვყიდულობდით. საკმაოდ მომატებულია“, - ამბობს Top Fly-ს დამფუძნებელი.

აქუბარდიას განცხადებით, დღეს მომხმარებლების ნაწილი მოგზაურობის ნაცვლად პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.

„ისეთი მომატებულია ფასები და ხალხი უმუშევარია. მოგზაურობისთვის ვის სცალია. მარტო საარსებოზე არიან გადასულები, საკვებ-საშუალებებზე“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები