საქართველოს მთავრობა გაწყვეტს 16 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტს აზერბაიჯანულ საინჟინრო კომპანია Akkord-თან. ამის შესახებ მთავრობის 15 ივლისის განკარგულებიდან ირკვევა, რომელიც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრობლემურ ტენდერს უკავშირდება.
ქალაქ ჭიათურაში 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის საერთაშორისო ტენდერი ADB-ის დაფინანსებით 2017 წელს ჩატარდა. მასში აზერბაიჯანულმა კომპანია Akkord-მა გაიმარჯვა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2017 წლის 21 აგვისტოს გაფორმდა და მისი მიხედვით, სამუშაოები 540 დღის, ანუ 2019 წლის პირველი კვარტალისთვის უნდა დასრულებულიყო.
კონტრაქტორმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რამაც პროექტის 5-წლიანი ვადაგადაცილება გამოიწვია. სამუშაოების დაბალი პროგრესის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მხოლოდ 2024 წლის ივლისში მიიღო.
ეს კომპანია Akkord-თან გაფორმებული პირველი კონტრაქტი არაა, რომელიც მთავრობამ გაწყვიტა. 2021 წლის ოქტომბერში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოლითი-ჩუმათელეთის 25.6-კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის გაფორმებული $55-მილიონიანი კონტრაქტი გაწყვიტა. აღნიშნული პროექტიც ADB-ის მიერ ფინანსდებოდა. საგულისხმოა გარემოება, რომ ამ კონტრაქტის გაწყვეტის დროს, ჭიათურის წყალმომარაგების პროექტი უკვე 2-წლიანი ვადაგადაცილებით მიმდინარეობდა, თუმცა ის მხოლოდ 5-წლიანი ვადაგადაცილებით შემდეგ გაწყდა.