მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. ამ თვალიდან შეიძლება ვერ გამოვიხედო, მაგრამ ქვეყანა გამოიხედავს - ლევან ხაბეიშვილი

ნაცემი ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას“ „რუსული კანონის“ გატანისკენ მოუწოდებს, საზოგადოებას კი პროტესტისკენ, თუ კანონპროექტის განხილვა არ შეჩერდება.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მეორე მოსმენით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მუხლობრივად განხილვა ხმაურის ფონზე გრძელდება, ხაბეიშვილმა აქციაზე მისი ცემის შესახებ ისაუბრა.

„გეტყვით რა მოხდა რეალობაში. როდესაც ინტერვიუს ვიძლეოდი, ახალგაზრდა ბავშვს ითრევდნენ რობოკოპები. ცხადია, გავემართე, რომ იქნებ არ წაიყვანოთ, ბავშვია. ამის შემდეგ, როდესაც ხარებას დაჯგუფების ალყაში მოვხვდი, 10-15 წუთის განმავლობაში აგრძელებდნენ და მინდა გითხრათ რას ლაპარაკობდნენ. როდესაც მირტყამდნენ, მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად, იქნება გაჩერდე. იძახოდნენ, მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა. ამბობდნენ, რომ უნდა მეთქვა "ჩმორი" ვარ და ამ შემთხვევაში აღარ გამლახავდნენ. ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი. ეს არის რუსეთი, რასაც ხედავთ ჩემს ტანზე. სამწუხაროდ, ასე გაიღვიძა ძალიან ბევრმა ბავშვმა. ჩვენს შვილებს დასდევდნენ ესენი იქ. მახსოვს, უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ ერთი ახალგაზრდის თმის ღერიც არ გვიღირს არანაირ კანონადო. მე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ კარგი, ჩემი თვალი თუ არ გაინტერესებთ, იმ ახალგაზრდების გამო, ვისაც თმის ღერი ჩამოუვარდა, თავის ქალაშიც ურტყეს და დაალურჯეს, მე თქვენი დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ იქნებ ეს კანონი გაიტანოთ. 5 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. ამ თვალიდან შეიძლება ვერ გამოვიხედო, მაგრამ ქვეყანა გამოიხედავს 5 თვის შემდეგ. მეორე, თუ ამას არ აკეთებთ, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, გამოდით ყველა, რათა დაიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - თქვა ხაბეიშვილმა.

30 აპრილს, მოქალაქეები „რუსული კანონის“ გასაპროტესტებლად საქართველოს პარლამენტთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდნენ მოქალაქეები, მათ შორის სასტიკადაა ნაცემი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები