მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოს 6 მილიარდიან იმპორტში ჰონ-კონგმა უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში ათეულში გადაინაცვლა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში ჰონ-კონგიდან საქონლის შესაძენად საქართველოდან 128 მილიონ 141 ათასი დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 219%-ით აღემატება. შედეგად საიმპორტო ქვეყნების TOP-10-ეულში ჰონ-კონგმა 2.1%-იანი წილით მეცხრე ადგილი დაიკავა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციულ რეგიონებთან, ქალაქ სახელმწიფო ჰონ-კონგთან ვაჭრობის ისტორიაში იმპორტის მაჩვენებელი 5 თვის მონაცემებით რეკორდულია.
საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, წელს ჰონ-კონგიდან ძირითადად გამომთვლელი მანქანები, რადიოაპარატურა და სატელეფონო აპარატები შევისყიდეთ. იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $73.9 მლნ, 251 ტონა;
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის - $11.8 მლნ, 71 ტონა;
- რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის გადამცემი აპარატურა - $7.3 მლნ, 86 ტონა;
- ტელე-რადიო აპარატურისათვის განკუთვნილი ნაწილები - $3.4 მლნ, 46 ტონა;
- ელექტრონული ინტეგრალური და მიკროანაწყობი სქემები - $1.9 მლნ, 7 ტონა;
- მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - $1.5 მლნ, 59 ტონა;
- ტრანსფორმატორები ელექტრული, სტატიკური ელექტრული გარდამქმნელები - $1.3 მლნ, 100 ტონა;
- პულტები, პანელები, კონსოლები, მაგიდები, გამანაწილებელი ფარები - $1.2 მლნ, 5 ტონა;
- სინთეზური ბოჭკოებისაგან, ძირითადად ან მხოლოდ ბამბის დამატებით ქსოვილები - $1.2 მლნ, 69 ტონა;
- მიმღები სატელევიზიო კავშირის აპარატურა - $1.1 მლნ, 47 ტონა;
რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ჰონ-კონგში ჯამში 2 მილიონ 726 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავყიდეთ. ეს კი წლიურად შემცირებული მაჩვენებელია. გასული წლის ამავე პერიოდში ექსპორტით მიღებული შემოსავალი 4 მლნ დოლარი იყო.
ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალი არც ისე დიდია. TOP-5 საქონლის რეიტინგი ასეთია:
- კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - $586 ათასი, 5 ტონა;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული - $583 ათასი, 19 ტონა;
- სუნამოები და ტუალეტის წყალი - $477 ათასი, 4 ტონა;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $182 ათასი, 18 ტონა;
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $159 ათასი.