იანვარ-მაისში საქართველოს თხილის ექსპორტით შემოსავალი შეუმცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ქვეყნიდან 31 მილიონ 420 ათასი დოლარის ღირებულების თხილი გავიდა, რაც წლიურად 5.3%-ით ნაკლები მაჩვენებელია.
5 თვეში ექსპორტზე ჯამში 4 784 ტონა თხილი გავიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე 7 054 ტონა თხილი გავყიდეთ. ამგვარად თხილი ადგილობრივი ექსპორტის კუთხით უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების რეიტინგში 3.1%-იანი წილით მეათე ადგილს იკავებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართული თხილის ექსპორტის ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ჯამში 5 თვის განმავლობაში საქართველოდან EU-ს წევრ სახელმწიფოებში 17 მილიონ 512 ათასი დოლარის ღირებულების 2 351 ტონა თხილი გავყიდეთ, რაც წლიურად 13.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია. წლების განმავლობაში თხილის და სხვა კაკლის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები იტალია და გერმანია იყვნენ, სადაც საქონლის გაყიდვა მნიშვნელოვნად შემცირდა.
TOP-10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:
- ესპანეთი - $6 მლნ, 800 ტონა;
- რუსეთი - $2.3 მლნ, 345 ტონა;
- სომხეთი - $2 მლნ, 444 ტონა;
- საფრანგეთი - $1.9 მლნ, 259 ტონა;
- ლიბანი - $1.9 მლნ, 264 ტონა;
- იტალია - $1.7 მლნ, 249 ტონა;
- გერმანია - $1.6 მლნ, 250 ტონა;
- პოლონეთი - $1.4 მლნ, 180 ტონა;
- ლიეტუვა - $1.2 მლნ, 158 ტონა;
- ლიბია - $1 მლნ, 141 ტონა.
უნდა ითქვას, რომ წელს ხუთ თვეში საქართველომ 15 მილიონ 240 ათასი დოლარის ღირებულების 4 230 ტონა თხილი და სხვა კაკალი შეიძინა. შედეგად ამ დასახელების საქონლის იმპორტი გაორმაგდა.
თხილის და სხვა კაკლის მთავარი საიმპორტო ბაზარი ამერიკა იყო, საიდანაც 7 მილიონ 286 ათასი დოლარის 1 457 ტონა პროდუქტი ვიყიდეთ, იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ვხდებით ასევე უზბეკეთს ($1.7 მლნ, 522 ტონა), თურქეთს ($1.3 მლნ, 836 ტონა), ყირგიზეთს ($1.2 მლნ, 325 ტონა), უკრაინას ($1.2 მლნ, 391 ტონა), ასევე ჩინეთს, ესპანეთს, აზერბაიჯანს, ბელგიას, ჩეხეთს და უმნიშვნელო მოცულობებით სხვა ქვეყნებს.