მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 წელია მთავრობა Stadler-ის მიერ საქართველოში ქარხნის აშენების შესაძლებლობაზე საუბრობს

61f285e38dce6
თელარა გელანტია
27.01.22 15:45
1494
„საუბარი შეეხო „შტადლერის” მიერ საქართველოში ქარხნის აშენების შესაძლებლობას, რომელიც სარკინიგზო შემადგენლობების წარმოებას და შეკეთებას უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ საუბარია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში, რომლის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია “შტადლერის” (Stadler Rail AG) მფლობელსა და დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა.

აღსანიშნია, რომ Stadler Rail AG-ის მიერ თბილისში ვაგონმწარმოებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობაზე საუბარი 2017 წლიდან მიდის; მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო.

საინტერესოა ისიც, 5 წლის წინ Stadler-სა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, კომპანიას საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები უნდა შეესწავლა. საქართველოში ვაგონშემკეთებელი ქარხნის აშენების მშენებლობისთვის დედაქალაქის გარეუბნებში 3 შესაძლო ადგილი განიხილებოდა.

მთავრობის პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებული რელიზის თანახმადაც, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობასა და “შტადლერს” შორის თანამშრომლობას.

„განიხილეს მსხვილი კომპანიის მიერ საქართველოში დაგეგმილი პროექტები. საუბარი შეეხო „შტადლერის” მიერ საქართველოში ქარხნის აშენების შესაძლებლობას, რომელიც სარკინიგზო შემადგენლობების წარმოებას და შეკეთებას უზრუნველყოფს.

აღინიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად დაუჭერს მხარს აღნიშნული ინვესტიციის განხორციელებას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე და ამ მიმართულებით ქვეყნაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე, საუბარი შეეხო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, მათ შორის ევროკავშირთან, ჩინეთთან, ისევე, როგორც რეგიონის ქვეყნებთან, რაც საქართველოს არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს. ამასთან, აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის როლი და ამ მიმართულებით განვითარების პერსპექტივები“, - წერია რელიზში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ „შტადლერის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მათიას სტოჰი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში ჰეიდი გრაუ, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე, „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია.

„შტადლერი“ დავარწმუნეთ... ვიმედოვნებთ, „შტადლერის“ ადგილობრივი ქარხანა გვექნება" - აცხადებდა ნათია თურნავა 2020 წელს 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები