მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„50 თეთრი თვითღირებულებას ვერ დააკმაყოფილებს“ - მევენახე ჩასაბარებელ ყურძნის ფასზე

ყურძენი

მევენახე აკაკი კეკენაძე BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ არაკონდიციური ყურძნისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ახალი ფასი - 50 თეთრი, ყურძნის მოყვანის თვითღირებულებას მაინც ვერ ფარავს. მისი ინფორმაციით, არაკონდიციური ყურძნის მინიმალური თვითღირებულება დაახლოებით 70 თეთრია.

„რა თქმა უნდა, 50 თეთრი 30 თეთრს ჯობია, თუმცა ნახეთ, იქ რაღაცა გრადუსების მიხედვით 10 თეთრით მატულობს შუალედური კონდიციის ფასი. ესეც მიზერულზე მიზერულია. თუ ყურძენი ჩაჰბარდება არაკონდიციური მაჩვენებლით, 50 თეთრი მინიმუმ 70-თეთრიან თვითღირებულებას ვერ დააკმაყოფილებს, თუმცა წინა ვერსიას, რა თქმა უნდა, ჯობია“, - აცხადებს კეკენაძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მევენახეებისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამინდის პირობების შენარჩუნება და იმ ნაკვეთებში ყურძნისთვის მოცდის შესაძლებლობაა, სადაც შაქრიანობის მაჩვენებელი ჯერ საჭირო დონემდე არ არის მისული.

„იქ, სადაც არსებობს იმის ალბათობა, რომ ყურძენი გრადუსის მიხედვით ჯერ არაკონდიციურია, მევენახეებს ცოტა ხნით მოცდის შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რომ შაქრიანობამ მინიმუმ 17 გრადუსს მიაღწიოს. ასეთ შემთხვევაში ყურძნის ლარად ჩაბარება იქნება შესაძლებელი და თვითღირებულებას მაინც დააკმაყოფილებს. ამის შემდეგ უკვე დაახლოებით 20 თეთრის მოგებაზე შეიძლება ვისაუბროთ. ახლა სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი საფიქრალი", - ამბობს მევენახე.

მევენახეების პროტესტის გამო, მთავრობა, ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის - როგორც ღვინის ეროვნულმა სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ განაცხადა, გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთა კონსულტაციის შედეგად მიიღეს. ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპანია ჭარბ ყურძენს დაგეგმილზე ძვირად შეისყიდის. უფრო კონკრეტულად, ყველა კატეგორიის შაქრიანობის ყურძნისთვის შაქრიანობის მოთხოვნა შემცირდა, რაც შესაძლებელს ხდის, რომ ყურძენი რომელიც აქამდე მოქმედი წესით არ ჰბარდებოდა ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაში, ახლა ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაში ჩაჰბარდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები