ოთახის მცენარეების სტუდია „ლილიეტო“, რომელიც ერთი წლის წინ მხოლოდ 500 ლარიანი საწყისი ინვესტიციით შეიქმნა, ონლაინ სივრციდან ფიზიკურ სივრცეში გადავიდა.
ბრენდის დამფუძნებელმა მარი კევლიშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, რომ მომხმარებლებს ახლა უკვე ახალ სივრცეს - „პაუზას“ სთავაზობს, სადაც მცენარეებთან ერთად ხელოვნება, კერამიკა, ვორქშოფები და სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობაა გაერთიანებული.
მარი კევლიშვილის თქმით, „ლილიეტოს“ იდეა პირადი გამოცდილებიდან გაჩნდა - მას სურდა შეექმნა ისეთი გამოცდილება მცენარეების მოყვარულებისთვის, რომელიც თავადაც დააკლდა, როგორც მომხმარებელს.
„თავდაპირველად ჰობივით წამოვიწყე მცენარეების მოვლის საქმე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ბაზარს ზუსტად ის აკლდა, რაც მეც დამაკლდა სხვა ანალოგიური ბრენდის მომხმარებელს. მინდოდა, რომ ჩემს მომხმარებელს უკვე ჰქონოდა გაუმჯობესებული გამოცდილება და მიეღო მცენარე, რომელიც იქნებოდა მოვლილი, კონკრეტულად მისთვის შერჩეულ ქოთანში გადარგული, შეფუთული და თუნდაც მისალოცი ბარათით“, - ამბობს „ლილიეტოს“ დამფუძნებელი.
როგორც მარი კევლიშვილი აღნიშნავს, ბიზნესის პირველი ნაბიჯები ოჯახურ ფორმატში გადაიდგა. მან შექმნა ბრენდის იდენტობა, ლოგო და სოციალური ქსელის გვერდი, შემდეგ კი პარტნიორთან ერთად 500 ლარის ფარგლებში შეიძინა პირველი მცენარეები და ქოთნები.
„წავედით სანერგეში და ვიყიდეთ 500 ლარის მცენარეები და ქოთნები, რომლებიც მოვიტანეთ, მოვუარეთ. პირველი კოლექცია განვათავსე და რამდენიმე დღეში არცერთი ქოთანი და არცერთი მცენარე აღარ გვქონდა. პირველივე შეკვეთაზე მივხვდი, რომ ეს იყო საქმე, რომელიც ადამიანებს გააბედნიერებდა და, რა თქმა უნდა, მეც დიდ ბედნიერებას და სიმშვიდეს მომიტანდა“, - იხსენებს მარი კევლიშვილი.
მისი თქმით, საწყის ეტაპზე თავად იყო ჩართული ყველა პროცესში - მცენარეების შერჩევიდან, გადარგვიდან და შეფუთვიდან დაწყებული, მომხმარებლებისთვის მიწოდებით დასრულებული. სწორედ ამ პროცესმა მისცა შესაძლებლობა, უკეთ გაეცნო მომხმარებლების საჭიროებები და ბრენდი მათ გამოცდილებაზე დაეფუძნებინა.
„როდესაც ფიზიკური სივრცე არ გაქვს, რომ მომხმარებელს შეხვდე, თავად მიგაქვს მცენარე და უკვე აკვირდები - რა მოსწონს, რა იზიდავს, ვინ არის შენი მომხმარებელი. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რადგან მცენარეების მომხმარებლები განსაკუთრებული ადამიანები არიან - ისინი ზრუნავენ გარემოზე, მცენარეებზე, ცხოველებზე და ადამიანებზეც“, - აღნიშნავს კევლიშვილი.
დღეს „ლილიეტოს“ კონცეფცია მხოლოდ მცენარეების გაყიდვას აღარ მოიცავს. ბრენდის მთავარი მიზანი მცენარეების ყოველდღიურობის ნაწილად ქცევაა - როგორც სიმშვიდისა და ზრუნვის პატარა რიტუალის.
„ჩემი ამოცანა არასდროს ყოფილა, რომ მქონოდა მცენარეების მაღაზია. მინდა, რომ პოპულარიზაცია გავუწიო მცენარეებს, როგორც არა მხოლოდ დეკორის ნივთს, არამედ ჩვენი ცხოვრების ნაწილს. ეს არის რიტუალი, თერაპია, როცა ყოველდღიურად შეგიძლია რამდენიმე წუთი დაუთმო მცენარეს და ამ აჩქარებულ სამყაროში საკუთარი სიმშვიდისთვის დრო გამონახო“, - ამბობს მარი კევლიშვილი.
ერთი წლის განმავლობაში ბრენდმა ერთგული მომხმარებლების გაერთიანება შეძლო, რაც, დამფუძნებლის თქმით, ბიზნესის გაფართოების მთავარი საფუძველი გახდა.
„ძალიან განებივრებული ვარ ჩემი მომხმარებლებით. მცენარეების მომხმარებლები ყოველთვის ბრუნდებიან იქ, სადაც ჯანსაღი მცენარე შეიძინეს და კარგი გამოცდილება მიიღეს. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ ეს ბიზნესი კიდევ უფრო წარმატებული ყოფილიყო და სხვა სივრცეში გადამეტანა ის გამოცდილება, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში დავაგროვე“, - ამბობს ის.
რაც შეეხება ბიზნესის ფიზიკურ სივრცეს, „პაუზას“, ის ძველ თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. სივრცეში „ლილიეტოს“ მცენარეებთან ერთად ქართველი არტისტების ნამუშევრები, ხელნაკეთი ქოთნები და კერამიკაა წარმოდგენილი. ასევე დაგეგმილია მცენარეებთან და ხელოვნებასთან დაკავშირებული ვორქშოფები და მასტერკლასები.
"„პაუზა“ არის ადგილი, სადაც ადამიანები შეძლებენ მცენარეებზე საუბარს, კონსულტაციის მიღებას, საკუთარი მცენარის მოვლაში დახმარებას და უბრალოდ მცირე დროის გატარებას მშვიდ გარემოში“, - ამბობს მარი კევლიშვილი.
მისი თქმით, სივრცის მთავარი იდეა სწორედ სახელშიც არის ასახული - ადამიანებმა ყოველდღიური რუტინისგან მცირე შესვენება შეძლონ.
„მინდა, რომ თავად გავუწიო მომხმარებლებს კონსულტაცია, ავუხსნა, რომელი მცენარე რისთვის არის კარგი - ზოგი ჟანგბადს გამოყოფს დიდი რაოდენობით, ზოგი სტრესის შესამცირებლად არის, ზოგი კონკრეტული სივრცისთვის. მინდა, რომ ეს სიამოვნება, სიმშვიდე და ჰარმონიულობა ჩემს მომხმარებელსაც გადავცე“, - აღნიშნავს ბრენდის დამფუძნებელი.
მომდევნო წლის მთავარ მიზნად მარი კევლიშვილი „პაუზას“ განვითარებასა და პოპულარიზაციას ასახელებს. სამომავლო გეგმებში კი ადგილობრივი მცენარეების მწარმოებლებისთვის დამატებითი პლატფორმის შექმნაც შედის.
„ძალიან მინდა, რომ მებაღეების ბაზრებსაც შევუწყო ხელი და გაჩნდეს სივრცე, სადაც საქართველოს სხვადასხვა სოფელში გაზრდილ მცენარეებს ჩამოიტანენ, თბილისში წარადგენენ და მათაც ეყოლებათ ერთგული მომხმარებელი“, - ამბობს მარი კევლიშვილი.




























