დღეს, 8 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული ჯარიმების ჩამოწერით 157 კომპანიამ ისარგებლა და ისინი 1500 მეგავატის პროექტებს განახორციელებენ, 535 მეგავატი სიმძლავრის პროექტები კი შეჩერდება.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჯამში 1560 მეგავატის სიმძლავრის პროექტებზე ჩამოწერეს ჯარიმები და შესაბამისად, განახლებული პირობებით ეს პროექტები უნდა განხორციელდეს.
"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ ორიოდე თვის წინ გადაწყვეტილება, ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმებისა და საურავების პირობით დათქმით პატიების შესახებ და ეს პროცეს უკვე დასრულდა. მთლიანობაში 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.
bm.ge-მ შესაბამისი ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან 20 მარტს გამოითხოვა, თუმცა კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადის მიუხედავად, კითხვებზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რომელ კომპანიებს ეპატიათ ჯარიმები და ვის შემთხვევაში შეწყდა კონტრაქტი.
გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე კომპანიებს ჯამში მილიარდი ლარის ჯარიმებს პატიობს, თუმცა გარკვეული დათქმით. ხელახლა აღარ დაარღვიონ ვადები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოწერილი ჯარიმები ისევ აღუდგებათ. კობახიძე ირწმუნება, რომ სახელმწიფო მკაცრი იქნება ახალი შეუსრულებელი ვალდებულებებისა და ბიუჯეტის წინაშე დაგროვილ დავალიანებების მიმართ.
მიმდინარე წლის თებერვალში მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლითაც ეკონომიკის სამინისტროს დაავალა მოიძიოს ინფორმაცია ყველა იმ კომპანიაზე, რომელსაც ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ან მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის ჯარიმა აქვთ დაკისრებული.
განკარგულებაში ასევე ეწერა, რომ თუ კომპანია არც გარანტიას განაახლებს და არც ხელშეკრულებას შეწყვეტს, სამინისტრო მემორანდუმს ცალმხრივად გაწყვეტს და ჯარიმების ამოღებას დაიწყებს.




























