ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქართველოს ბანკის პარტნიორობითა და ხელშეწყობით მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups-ი საქართველოში აქსელერაციის პროგრამას განაგრძობს. აქსელერაციის მეორე, 6 კვირიანი ინტენსიური ეტაპი უკვე მიმდინარეობს და ის 12 მარტამდე გაგრძელდება.
პროგრამაში ჩართული 10 სტარტაპიდან - 5: Agrolabs, Corebook, Youtravel.me, Kvalifika და Payze, დამატებით ინვესტიციას "საქართველოს ბანკისგან" მიიღებს. მათგან 2 კომპანია კი, აქსელერაციის ფინალურ ეტაპზე Silicon Valley-ში წასასვლელად immersion program-ში მონაწილეობისთვის საგზურს მოიგებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილე უცხოური სტარტაპები, ქართულ სტარტაპებად დარეგისტრირდებიან და ქართული ეკოსისტემის წევრები გახდებიან.
500 Startups პროგრამა სტარტაპებს საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს, ამიტომაც აქსელერაციის პროგრამის მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია. რას ელიან და რას ნიშნავს თითოეული სტარტაპერისთვის პროგრამაში მონაწილეობა და ამ პროცესში "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერა - BM.GE-იმ თავად სტარტაპერებს ჰკითხა.
Agrolabs
სტარტაპი Agrolabs სათბურში მომუშავე ფერმერებს უახლეს ტექნოლოგიას სთავაზობს, რომლის მეშვეობითაც ყოველდღიური რუტინული სამუშაოს ავტომატიზაცია და გაციფრულებაა შესაძლებელი. მათი IoT სენსორები სპეციალურად სათბურისთვისაა შექმნილი, რომელსაც ალგორითმი მართავს და მცენარეებისგან მიღებულ ინფორმაციას ლაივ რეჟიმში აანალიზებს, შედეგად კი ყოველდღიურ რეჟიმში მცენარის განვითარების პროცესის ნახვაა შესაძლებელი.
„გუნდისთვის 500 Startups-ის გამოცდილება ფასდაუდებელი იქნება და სწრაფ ზრდაში დაგვეხმარება. ამასთან, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ისეთი პარტნიორის ყოლა, როგორიც „საქართველოს ბანკია“ ძალიან მნიშვნელოვანია. ის მრავალმხრივ დახმარებას გვიწევს და ბანკის მონაწილეობა პროექტში სტარტაპერებისთვის განსხვავებულ პერსპექტივას ქმნის, რაც დასაფასებელია“, - ამბობს Agrolabs-ის დამფუძნებელი მაქსიმ გორინოვი.
Corebook
Corebook-ის სტარტაპ იდეა ბრენდ მენეჯერებისა და დიზაინერებისთვის ოპტიმალურ დროში ყოველდღიური დოკუმენტაციის გაცნობის მიზნით შეიქმნა, რადგან ხშირ შემთხვევაში მენეჯერებს ბრენდბუქისა და PDF ფაილების კითხვის დრო არ აქვთ. სწორედ ეს მისია აიღო თავის თავზე Corebook-მა, რომელიც ლატვიაში სამმა მეგობარმა და პარტნიორმა: მაქსიმ კუსნარევსმა, იანის ვერზემნიეკსმა და აიგარს აბოლტინსმა შექმნა. მათ ციფრულ სააგენტოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს, მუშაობენ როგორც ხელოვნური ინტელექტის, ისე აუდიოვიზუალური ბრენდინგის, მარკეტინგისა და UI დიზაინის მიმართულებით.
„მიგვაჩნია, რომ Corebook მომავლის პროექტია. 500 Startups-ის აქსელერაციის პროექტი კი, გვაძლევს დიდ გამოცდილებას და იმის შესაძლებლობას, რომ ახლადშექმნილი კომპანია განვითარების შემდეგ ეტაპებზე გადავიდეს. პროექტი გვასწავლის ყველაფერს, რაც გვჭირდება: თავდაჯერებულობიდან დაწყებული საბაზრო კვლევის მეთოდებით დამთავრებული. სწორედ 500 სტარტაპის მეშვეობით ვსწავლობთ, როგორ უნდა შევქმნათ დროში მაქსიმალურად გამძლე პროდუქტი. ახლა უკვე ვიცით, რა ტიპის კვლევა უნდა ჩავატაროთ, რომ სტარტაპი ფართო აუდიტორიაზე გავიდეს; მენტორები გვეხმარებიან ინვესტორების მოძიებაში, რაც განვითარებისთვის ცალსახად ძალიან საჭიროა“, - უთხრა BM.GE-ის Corebook-ის დამფუძნებელმა იანის ვერზემნიეკსმა.
Youtravel.me
2018 წელს შექმნილი საავტორო ტურების პლატფორმაა, რომელიც დამფუძნებლების მოგზაურობისას მიღებული ნეგატიური გამოცდილების გამოსასწორებლად შეიქმნა. პლატფორმა მოგზაურობის მსურველებსა და გამორჩეული საავტორო ტურების ავტორებს ერთმანეთთან აკავშირებს და ამით შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმონ მოგზაურობა, რომელიც უსაფრთხო და მრავალფეროვანი იქნება.
„500 Startups-ის პროგრამა გამორჩეულია, რამდენადაც ის სტარტაპერებს ახალ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის გუნდის ექსპერტიზისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩვენ პროდუქტის ახალ ბაზარზე წასადგენად მუდმივი განვითარება შეგვიძლია. შთამბეჭდავია პროგრამის მენტორების პროფესიონალიზმი და 500 Startup-ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი კონტაქტების ქსელი, რომელიც უძლიერესი მენტორების, როგორც პარტნიორების დახურულ კარში შესვლის შესაძლებლობას გვაძლევს. ძალიან კმაყოფილები ვართ "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით. ის ჩვენთვის სანდო და ღია პარტნიორია, რომელიც ყველა შესაძლო რესურსით გვეხმარება. ვფიქრობთ, რომ "საქართველოს ბანკის" გუნდთან თანამშრომლობა ერთდროულად მარტივი, სასიამოვნო და ეფექტურია“, - განაცხადა Youtravel.me-ის თანადამფუძნებელმა ივან ბორტნიკოვმა.
Kvalifika
სტარტაპი Kvalifika ონალიან ადამიანების ბიომეტრიული იდენტიფიცირების საუკეთესო საშუალებაა. ის ტექნოლოგიური სისტემების საშუალებით კომპანიებს ადამიანების ზუსტი იდენტიფიცირების მომსახურებას სთავაზობს. ასეთი სერვისებით სარგებლობენ ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები და სხვადასხვა სახის სტარტაპები. სტარტაპზე მუშაობა 2019 წლის მიწურულს დაიწყო და პირველი პარტნიორი 2020 წლის თებერვალში ჰყავდათ. დღეისთვის Kvalifika-ს მომსახურებით 12 კომპანია სარგებლობს.
„500 Startups-ი კომპანიაა, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს, რაც მასში მოხვედრილი სტარტაპის გაზრდას და განვითარებას გულისხმობს. იქ მყოფი ხალხი ძალიან გამოცდილია და ზუსტად იციან განვითარების ის გზა, რაც საქართველოში არ ვიცით. მაგალითად საქართველოში არ ვიცით როგორ უნდა გახდე გლობალური მოთამაშე და როგორ უნდა გახვიდე უცხოურ ბაზარზე ისე, რომ შიში არ გქონდეს. მეორე რატომაცაა მნიშვნელოვანი ეს პროგრამა, დაფინანსებაა. ხშირად რეგიონალურ დონეზე „ენჯელ ინვესტორები“ არ აკეთებენ ინვესტიციებს და 500 Startups-ის შემოსვლა მათთვის, ვისაც სტარტაპებში ფულის ჩადება უნდა, ერთგვარი სიგნალია რომ საქართველოში სტარტაპ კომპანიებში ინვესტირება შესაძლებელია. ანუ ეს ორმხრივი შესაძლებლობაა. როგორც მხატვრისთვის, რომელიც მაღალი დონის გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას და მერე მასზე განსხვავებული ინტერესი ჩნდება, ასეა, აქსელერაციის პროგრამის მნიშვნელობაც ჩვენთვის“, - უთხრა BM.GE-ის Kvalifika-ს თანადამფუძნებელმა გაბრიელ მელივამ.
Payze
Payze საგადახდო სერვისების პირველი პროვაიდერია, რომელიც ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმებისა და e-commerce-სთვისაა შექმნილი. დამფუძნებლების მიერ ონლაინ-ვაჭრობის მიმართულებით ჩატარებული კვლევის შემდეგ შეიქმნა ისეთი სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს ონლაინ ვაჭრობის ვებგვერდებს, რომლებიც მხოლოდ დამაკავშირებელ როლს ასრულებენ, გამარტივებულად შეძლონ საგადახდო ოპერაციების შესრულება. სტარტაპმა ოპერირება 2021 წლიდან დაიწყო, თუმცა სატესტო ჩართვები 2020 წლის ოქტომბრიდან ჰქონდათ.
„500 Startups-ის პროგრამაში მონაწილეობა ეს ნიშნავს ვალიდაციას. ეს არის მუდმივად გამოცდილების და ცოდნის მიღება. გაყიდვების მიმართულებით ძალიან ბევრი რაღაც გვასწავლეს და დღეს პრაქტიკულად გაყიდვების სრული პროცესი მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზეა დამყარებული. ამასთან "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისეთ სფეროში ვოპერირებთ, სადაც ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ბანკები არიან. 500 Startups-ში ჩართვასთან ერთად, ის პროცესები რაც დიდი ხნის მანძილზე უნდა გაწელილიყო, თუნდაც ონლაინ ვაჭრობის პლატფორმების ჩვენთან ჩართვა და საგადასახადო სერვისების დაერთება საქართველოს ბანკის ბევრად მალე მოხდა. შესაბამისად საქართველოს ბანკისგან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ იმ საკითხებში, რომელიც ჩვენთვის ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნივნელოვანი იყო“, - აღნიშნა Payze-ს თანადამფუძნებელმა კახა გელაშვილმა.