სახელმწიფოს მიერ ილიაუნისთვის სტუდენტთა მისაღები კვოტების მკვეთრ შემცირებას ქვეყნის განათლების სისტემასა და ევროპულ მომავალზე პირდაპირ დარტყმად აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი.
როგორც ქეთევან დარახველიძე BMG-სთან განმარტავს, უნივერსიტეტს, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლისთვის 5000-მდე სტუდენტის მიღებას გეგმავდა, მთავრობამ მხოლოდ 360 ადგილი დაუმტკიცა, რაც გეგმური კონტინგენტის მხოლოდ 7%-ს შეადგენს.
დარახველიძის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი და ანტიკონსტიტუციურია, რადგან ის უხეშად არღვევს უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიას და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ილიაუნის, არამედ მთლიანად უმაღლესი განათლების სისტემას საქართველოში:
„ეს გადაწყვეტილება პირდაპირ დარტყმას აყენებს საერთოდ უმაღლესი განათლების სისტემას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიას და აკადემიურ თავისუფლებას. ჩვენთვის ეს იყო მოსალოდნელი, თუ შევხედავთ ბოლო ორი წლის განმავლობაში რა ხდებოდა უმაღლესი განათლების სისტემაში და ზოგადად ილიაუნისთან მიმართებით. ეს არის გამაოგნებელი გადაწყვეტილება და აბსოლუტურად მიუღებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოებისთვის, მათ შორის სტუდენტებისთვის.
გადაწყვეტილების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ერთმევა უფლება სტუდენტები მიიღოს მის მაღალრეიტინგულ პროგრამებზე, რომელთა წარმატებაც გაზომილია მრავალგზის საერთაშორისო რეიტინგებით და შედეგიანობით. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი, გამაოგნებელი და ანტიკონსტიტუციურია. ის ასამარებს უმაღლესი განათლების სისტემას მთლიანად და სპობს საქართველოს განვითარების და განსაკუთრებით ევროპული პერსპექტივის მომავალს”, - აცხადებს ქეთევან დარახველიძე BMG-სთან.
მისი თქმით, სახელმწიფომ ილიაუნის მიღების უფლება მხოლოდ პედაგოგიკისა და STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) მიმართულებებზე დაუტოვა, თუმცა აქაც ბუნდოვანებაა:
„ჩვენ დაგვიმტკიცდა მიღება მხოლოდ პედაგოგიკის და STEM-ის სპეციალობებზე. არ არის დაკონკრეტებული რა იგულისხმება პედაგოგიკაში, რადგან პედაგოგიკა არ მოიძებნება არსებულ კლასიფიკატორებში. უნივერსიტეტი 2026-27 წლისთვის აპირებდა 5000-მდე სტუდენტის მიღებას და არსებული კვოტებით, მათ შორის, ქართული ენის მომზადების პროგრამის ფარგლებში, მაგრამ სახელმწიფო გეგმავს, რომ აგვიკრძალოს მიღება პროგრამებზე და დაგვიმტკიცოს მხოლოდ 360 სტუდენტი, რაც არის ჩვენი მისაღები კონტინგენტის დაახლოებით 7%.“
ქეთევან დარახველიძე მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ილიაუნის არ ეხება და ის სისტემურ ხასიათს ატარებს, რაც განსაკუთრებით მძიმედ რეგიონულ უმაღლეს სასწავლებლებზე აისახება. მისი თქმით, რეგიონებში აბიტურიენტებს პროფესიული არჩევანის თავისუფლება ეზღუდებათ:
„ეს რეფორმა და ეს გამაოგნებელი გადაწყვეტილება არ ეხება მხოლოდ ილიაუნის. ეს ეხება მთლიანად უმაღლესი განათლების სისტემას, მათ შორის სოხუმის უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კარგავს მედიცინის მიმართულებით პროგრამებს და ასევე ეხება ძალიან ცუდად რეგიონის უნივერსიტეტებს. ჩვენ რეგიონის უნივერსიტეტებს - თელავს, ზუგდიდს, ახალციხეს და გორს - ვუკრძალავთ სხვა მიმართულებით სასწავლო პროგრამების განხორციელებას და ვუტოვებთ მხოლოდ ტურიზმს, აგრომეცნიერებებს და პედაგოგიკას. ეს გამოიწვევს რეგიონების დაცლას და ახალგაზრდების იძულებით მიგრაციას დედაქალაქში.
ჩვენ მომავალში იქ არსებულ აბიტურიენტებს გეოგრაფიულად ვუსაზღვრავთ პროფესიულ არჩევანს, თუ მათ ცენტრში არ მოუწევთ წამოსვლა და ეს გამოიწვევს რეგიონების დაცლას. თუ ამ რეფორმის მიზანი იყო კონცენტრაციის განეიტრალება - რაც ფაქტობრივად ურბანული რეფორმა უფროა, ვიდრე განათლების რეფორმა - ამ შემთხვევაში, რეგიონის უნივერსიტეტებისთვის განისაზღვრა შეზღუდული პროფილი” - ამბობს ქეთევან დარახველიძე.
მისივე თქმით, უნივერსიტეტი გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.
„ვადგენთ დეტალებს, ტექნიკურად მიმდინარეობს პროცესი ადმინისტრაციულად, რომ დავაზუსტოთ რა იგულისხმება გადაწყვეტილებაში. ეს დაზუსტებები ჩვენ გვჭირდება, რომ სამართლებრივი გზა იქნება თუ თანამშრომლობის სხვა გზა, ჩვენ ეს ყველა მექანიზმი ვცადოთ. ჩვენი მიზანია, რომ გადაწყვეტილება გაუქმდეს და გადაწყვეტილების მიმღები პირები დაელაპარაკონ აკადემიურ საზოგადოებას”
მთავრობამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის მისაღები სტუდენტების რაოდენობის შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა. დადგენილების თანახმად, ილიაუნი საბაკალავრო პროგრამებზე ჯამში მხოლოდ 300 სტუდენტს, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე 60 სტუდენტს მიიღებს. უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების კვოტა დაახლოებით 14-ჯერ შემცირდა.




























