ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი მაია მახარაშვილი აცხადებს, რომ სამინისტროსთან 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების მატების საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტყვიერი შეთანხმება ინდექსაციის საკითხზე უკვე არსებობს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი ძალიან იწელება. გასაგებია ქვეყანა დაფინანსების ახალ მეთოდზე გადადის, მაგრამ ამასობაში სექტორს ეს საკითხი უკვე მძიმე ტვირთად აწვება. 520-ე დადგენილება თავიდანვე საკმაოდ არაადეკვატური იყო, ამას დაემატა ამ ორი წლის განმავლობაში მიმდინარე სხვა გარე ფაქტორები, რამაც მომსახურების თვითღირებულება კიდევ უფრო გაზარდა. ჩვენი პოზიციაა, რომ მხოლოდ რეანიმაციას და კარდიოლოგიის მიმართულებით მაინც მოხდეს ინდექსაცია, რათა სექტორს გარკვეული სახის შეღავათი ჰქონდეს”, - აცხადებს მახარაშვილი.
მისივე თქმით, 520-ე დადგენილებით განსაზღვრული უნიფიცირებული ტარიფი პირდაპირ ხარჯებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალის ხელფასს სრულად ვერ ფარავს.
“ყველა ეს მიმართულება სუბსიდირებულია კლინიკის სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, ყველაზე დიდი რისკი მომავალში სამედიცინო მომსახურების ხარისხია. ყველა მოლოდინის რეჟიმშია და ჯერჯერობით ვაკავებთ პროცესს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინტენსიური თერაპიის მიმართულების საშუალო რგოლის მედპერსონალის ხელფასია. მათი ხელფასი შედარებით უკეთესია, რადგან ინტენსიურ მოვლას მეტი კომპეტენცია სჭირდება. გარეშე ფაქტორები ლარის გაუფასურება და ინფლაცია მათ ხელფასზე ისახება. შესაბამისად, გაჩნდა მოთხოვნა, რომ მათი ხელფასიც მეტად ადეკვატური გახდეს. ეს არსებული ტარიფის პირობებში შეუძლებელია”, - აცხადებს მახარაშვილი.
როგორც მან “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, კლინიკები სამინისტროს კონკრეტული ოდენობით ტარიფის ზრდას არ სთხოვენ და მხოლოდ არსებულ ხარჯებზე წარუდგინეს დეტალური ინფორმაცია.
მისივე თქმით, დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლამდე 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები ისე უნდა გაიზარდოს, რომ პირდაპირი ხარჯების დაფარვა შეძლოს.
“უკვე დიდი ხანია ველოდებით ამ გადაწყვეტილებას. ასოციაციის წევრებს აქვთ დამოკიდებულება, რომ უკვე ამის გაწელვა აღარ შეიძლება. რა თქმა უნდა, ვცდილობთ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე გადაწყდეს. კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ არ ვაპირებთ ერთი თვე კიდევ დაველოდოთ”, - ამბობს მახარაშვილი.