საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საინვესტიციო საბჭომ პირველი ინვესტიცია 560 მლნ ლარის ოდენობით უკვე განახორციელა და თანხები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსა.
„როგორც ცნობილია, საბანკო დეპოზიტი ყველაზე დაბალრისკიანი ფინანსური ინსტრუმენტია. ამასთან, საინვესტიციო პროცესის ფარგლებში მოლაპარაკებები რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან გრძელდება,“ - აღნიშნა გიორგი ჭიჭინაძემ.
სააენტოს შეფასებით, საპენსიო სააგენტოს მიერ თანხის ინვესტირება განახორციელდა მაღალი სარგებლის პროცენტით და მისი წლიური განაკვეთი 9%-ის ნაცვლად 14,9% - ს შეადგენს. ინვესტიციის პერიოდი 5 წლის ვადით განისაზღვრა. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, აღნიშნული პერიოდის ბოლოს განხორციელებული ინვესტიცია (560 მლნ ლარი) თითქმის გაორმაგდება, რაც მნიშვნელოვან სარგებელს წარმოადგენს საპენსიო სქემის ყველა მონაწილესათვის.
ცნობისთვის: სადეპოზიტო სერტიფიკატი არის საბანკო დეპოზიტი (ანაბარი) და წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებულ დღეს სერტიფიკატის მფლობელს გადაუხადოს სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებული თანხა.