მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5G ლიცენზიის მსურველი რომ არ აღმოჩნდეს, რას შვრებით? - ჯოხთაბერიძე კომუნიკაციების კომისიას

61cc4e68d808d
შოთა ტყეშელაშვილი
29.12.21 17:43
5981
2022 წელს კომუნიკაციების კომისია საქართველოში 5G ინტერნეტის დანერგვისთვის აუქციონს გამოაცხადებს და სიხშირეების ლიცენზიებს მობილურ ოპერატორებს შესთავაზებს.

კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ახალი თაობის მობილური ინტერნეტის სიხშირის ლიცენზია მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იქნება გამოტანილი. სხდომას უმსხვილესი მობილური ოპერატორების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. “მაგთის” დამფუძნებელმა გია ჯოხთაბერიძემ განაცხადა, რომ 5G ქსელის დანერგვა ნაჩქარევია, რადგანაც კომუნიკაციების სექტორს ჯერ არ აქვს საკმარისი სახსრები, რათა ასეთი მასშტაბის პროექტში გააკეთონ ინვესტიციები. მისი თქმით, 2023 და 2024 წლიდან სექტორი ამ ქსელის დანერგვისთვის უფრო უკეთ იქნება მზად.

“კარგია, რა თქმა უნდა, ინტერნეტს დიდი სიჩქარე ჰქონდეს, მაგრამ ბიზნესს უღირს, რომ ამდენი ინვესტიცია ჩადოს, რათა სიჩქარემ მოიმატოს ამდენით? მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ მომავალში 2023 იქნება თუ 2024 წელი, ჩავდოთ ამაში ფული, მაგრამ იმ ვადებს, რომელსაც მარეგულირებელი კომისია საზღვრავს, რომ ორ წელიწადში თბილისში, ბათუმში ქუთაისში იყოს 5G, ამაში ვერ ვეტევით; რომ თქვას 4 წლის ათვისების ვადით, შეიძლება დავფიქრდეთ და გავაკეთოთ. ამჟამად ფული და რესურსები არაა ამ ინვესტიციისთვის. თუკი შემოსავალი არ იქნა და თანაც დროში გაწელილი არ იქნა ეს პროექტი, ამას ვერ გავაკეთებთ უბრალოდ;

როდესაც სამი მობილური ოპერატორიდან ორი ზარალზეა ეს ხომ თავის თავზე ლაპარაკობს უკვე.

გამოიტანეთ 5G ლიცენზია და მსურველი არ აღმოჩნდა, მერე რას შვებით?", - განაცხადა გია ჯოხთაბერიძემ.

კომუნიკაციების კომისიის თავმდჯომარე ამბობს, რომ მობილურ ოპერატორებს 5G ინტერნეტის ლიცენზიის მოპოვება შეეძლებათ იმაზე დაბალ ფასად, ვიდრე ეს 4G ინტერნეტის შემთხვევაში იყო, თანაც ქსელის მოწყობის ვადა ხანგრძლივი იქნება.

“სიხშირეების საფასური, უფრო ნაკლები ფასი ღირს, ვიდრე 4G-სთვის გამოყენებადი სიხშირეები, რომელიც თავის დროზე გავეცით აუქციონით. გეოგრაფიული არეალის მოცვის ვალდებულება, ყველა ოპერატორისგან იყო სურვილი, რომ შედარებით დარბილებულიყო ეს ვალდებულება და ასეც გავაკეთეთ. უფრო მეტ წლებზე გადავანაწილეთ. საწყის წლებზე კი შევამცირეთ ინვესტიციის ტვირთი," - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

მობილურმა ოპერატორებმა 4G ინტერნეტის სიხშირის ადგილობრივი ლიცენზიები 2014 წლიდან მოიპოვეს, რაშიც სახელმწიფომ 100 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო. ქსელის დასანერგად მათ ლიცენზიასთან ერთად ასობით მილიონის ღირებულების ტექნიკური აღჭურვილობაც შეიძინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები