კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დასანერგად აუქციონის გამოსაცხადებლად საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს. კომისია მოელის, რომ ახალ აუქციონში უფრო მეტი კომპანია მიიღებს მონაწილეობას ვიდრე გასულ წელს.
აუქციონების ფარგლებში 5G-ის დასანერგად, დაგეგმილია 700, 3410-3710 და 2600 მეგაჰერცი დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა. აუქციონი ასევე, 800 და 2100 მეგაჰერცი სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიების მოსაპოვებლად გამოცხადდება.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, დაინტერესებულ კომპანიებს კომისიაში განაცხადების წარდგენა მიმდინარე წლის 6 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ, ხოლო 10 სექტემბერს კი ამ საკითხზე ზეპირი მოსმენა არის დაგეგმილი.
5G ქსელი არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას.
2023 წელს გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ "სელფი მობაილმა" მიიღო, მაშინ "სილქნეტმა" და "მაგთიმ" აუქციონში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს, რადგან ComCom-ის სალიცენზიო პირობებით, მათ საკუთარ ქსელში MVNO-ების ანუ მობილური ვირტუალური ოპერატორების დანერგვის ვალდებულებაც უჩნდებოდათ.