მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"6 ძირითადი საკითხია, რაც დასაზუსტებელია" - კობახიძე ანაკლიაზე CCCC-თან მოლაპარაკებებზე

კობახიძე და ქვრივიშვილი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ჩინურ სახელმწიფო კორპორაცია CCCC-თან მოლაპარაკებებში ექვსი ძირითადი საკითხია, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს. კომპანიასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გასული წლის 29 მაისიდან მიმდინარეობს.

"ანაკლიის განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მასშტაბის მოლაპარაკებებია. არის უამრავი დეტალი. არის ექვსი ძირითადი საკითხი რომელიც ინვესტორთან დაზუსტებას საჭიროებს და ეს ყველა საკითხი აქტიურად განიხილება. როგორც კი მოვრიგდებით მაშინვე მოეწერება ხელი საბოლოო ხელშეკრულებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ი ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 2024 წლის 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან ერთი წლისა და 4 თვის შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ.

პორტის განვითარების პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონი დოლარია და მის ფარგლებში 600,000 კონტეინერის წლიური გამტარობის მქონე პორტი და საკონტეინერო ტერმინალი უნდა აშენდეს.

ანაკლიის ინვესტორის შესარჩევი საერთაშორისო კონკურსი მთავრობამ 2023 წელს გამოაცხადა და ის 2024 წლის მაისში დასრულდა. კონკურსის პირობების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო პორტის 51%-იანი აქციონერი იქნება, ხოლო 49%-იანი წილის მფლობელი კი კონკურსის შედეგად შერჩეული ინვესტორი. ამასთან, პროექტში კაპიტალდაბანდების განხორციელების ძირითადი ვალდებულება სწორედ ინვესტორს ეკისრება.

კონკურსის საბოლოო ეტაპში სულ ორი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის ერთი იყო ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC და მისი შვილობილი China Harbour PTE, ხოლო მეორე მონაწილე იყო შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად, ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო.

ამასთან, 2024 წლის აგვისტოში მთავრობამ ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან გააფორმა ხელშეკრულება ანაკლიაში საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით. კომპანია ამჟამად ბიუჯეტის სახსრებით ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის თანახმად, 150 მილიონი ლარი პორტის ტალღმჭრელის მშენებლობასა და ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოების წარმოებაზე დაიხარჯება, რასაც Jan De Nul-ი შეასრულებს.

შესაბამისად, პორტის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ამჟამად მხოლოდ მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს, ხოლო პორტის სავარაუდო ინვესტორთან, CCCC-თან შეთანხმება გაფორმებული არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები