მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6%-იან ეკონომიკურ ზრდა, 7.5% რეფინანსირების განაკვეთი|როგორია G&T-ის 2027 წლის პროგნოზები

ლაშა ქავთარაძე

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

მან საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვისას სხვადასხვა პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება. ეკონომისტის თქმით, მოსალოდნელია, რომ საშუალო წლიური ინფლაცია 2027 წელს 2.3% იქნება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კი 7.5%-მდე შემცირდება.

"მაისში ეკონომიკური ზრდა 6,4% იყო. ეს თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ დაახლოებით 6-6,5%-ის ფარგლებში მოექცეოდა მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდა და ესეთი ტენდენციით მივდივართ. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პროგნოზში, ანუ რაც გვაქვს წლიური 7%-იანი ზრდა, კარგად თავსდება და ველოდებით, რომ წლის მეორე ნახევარში მცირედით იქნება დაჩქარებული ეკონომიკური აქტივობა, დაახლოებით 7%-ის ფარგლებში მოექცევა ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებით მეოთხე კვარტალში. წლის პირველ ნახევარში მშენებლობის სექტორი არის შენელებული, თუმცა ამ მშენებლობის სექტორს დაეხმარება უკვე წლის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით მეოთხე კვარტალში მთავრობის კაპიტალური ხარჯების დაჩქარება, იმიტომ რომ ეხლა მნიშვნელოვანი შენელება გვაქვს.

2027 წელს ველოდებით 6%-იან ეკონომიკურ ზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ეს პოტენციურ ზრდასთან იქნება ახლოს. ეხლა, რაც დამატებით არის, პირველი კვარტლის დანახარჯების მიხედვით დაიდო კიდევ ეკონომიკური აქტივობა და პირველ კვარტალში ფაქტობრივად ყველა კომპონენტმა პოზიტიური კონტრიბუცია შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში, თუმცა ლიდერი კვლავ მოხმარება არის, . შემდეგ მოდის წმინდა ექსპორტი და ინვესტიციები პოზიტიური გახდა და 9%-იან ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით ინვესტიციების კონტრიბუცია 0.8 პროცენტული პუნქტი იყო. ეს არის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.

ივნისში ინფლაცია 5.8% არის. ეს იმის გამო, რომ ნავთობპროდუქტების ფასების შენელება ჯერჯერობით არ ჩანს ჩვენთან, იმიტომ რომ უკვე ივნისის ბოლოდან დაიწყო საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების შემცირება. თუმცა ჩვენი მოლოდინი არის, რომ უკვე აგვისტოს ინფლაციაში მნიშვნელოვნად იქნება შენელებული ნავთობპროდუქტების ინფლაცია და მთლიანად ენერგიის ინფლაცია და ვფიქრობთ, რომ აი ეს ინფლაციის შენელების ტრენდი უკვე ივლისიდან დაიწყება საგრძნობლად და წლის ბოლოს ველოდებით 4.5%-იან ინფლაციას. საშუალო წლიური ინფლაცია გამოდის მიმდინარე წელს 4.8%. აი ამ ფონზე ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი, მათი ფრთხილი პოლიტიკიდან გამომდინარე, შეინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად – 8.25%-ის დონეზე. ხოლო 2027 წელს, უკვე ბევრი დაგროვდა აქ ერთჯერადი და მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს ინფლაციაზე: აქ არის ნავთობპროდუქტები, აქ არის ელექტროენერგიის ტარიფი, აქ არის თამბაქოს იმპორტის, ასე ვთქვათ, ფასების ზრდა, რომელიც შემდეგ მიილევა მომდევნო წლებში. ასევე არის ოქროს ზრდის გამო, აი ეს ყველაფერი რომ გამოირიცხება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინფლაცია 2027 წელს 2.3% იქნება საშუალო წლიური, წლის ბოლოს კი მნიშვნელოვნად იქნება შენელებული და ამ ფონზე, საპასუხოდ, ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი თანდათანობით შეამციროს დაახლოებით 0.5 - 0.75 პროცენტული პუნქტით, 7.5%-მდე",- ამბობს ლაშა ქავთარაძე.

მისივე თქმით, გამორუცხული არაა, წელს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებმა $8 მილიარდს გადააჭარბოს. ეკონომისტის თქმით, საშუალოვადიან პერიოდში სტაბილურობას უნდა ველოდოთ გაცვლითი კურსის მიმართ, თუ რაიმე მაგალითად, გლობალურად საგანგაშო მდგომარეობა არ იქნება.

"გაცვლითი კურსის გამყარების ტრენდს ვხედავთ და პარალელურად, ეროვნული ბანკი მნიშვნელოვნად ავსებს რეზერვებს. $7 მილიარდი არის მაისის მდგომარეობით, ივნისში კიდევ საკმაოდ კარგი შესყიდვები ექნება. ჩვენი პროგნოზი არის, რომ წელს დავასრულებთ $7.7 მილიარდით, თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ $8 მილიარდსაც გადავაჭარბოთ მიმდინარე წელს და ეს ნიშნავს სავალუტო ფონდის პარამეტრებში ადეკვატურობის კარგ დონეს. ვფიქრობთ, რომ ეს გაცვლითი კურსის გამყარების ტენდენცია ამ მიმდინარე თვეებშიც გაგრძელდება და საშუალო კურსი მიმდინარე წელს იქნება 2.66-ის ფარგლებში და სტაბილურობას შეინარჩუნებს ასევე 2027 წელს. გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც რეზერვების დონე არის მაღალი, ეს გარკვეულწილად მნიშვნელოვანწილად გავლენას ახდენს ბაზრის განწყობებზე, იმიტომ რომ ბაზარი მოელის, რომ თუ რაიმე ერთჯერადი შეტევა იქნება გაცვლით კურსზე, აგერ უკვე საკმაოდ რეზერვები დაგროვებული გვაქვს და შეგვიძლია ეს შოკი იქნეს განეიტრალებული",- თქვა ლაშა ქავთარაძემ.

ეკონომისტის თქმით, მაკროეკონომიკური გარემო იძლევა საშუალებას, რომ Moody's-ის მიერ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებას მომავალში თავად რეიტინგის გაუმჯობესებაც მოჰყვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები