მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 წელიწადში ღვინის კომპანიებზე გამოყოფილი სუბსიდიის 43.7% "ოცნების" შემწირველებმა მიიღეს - TI კვლევა

ექსპორტი

2017-2023 წლებში ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე გამოყოფილი სახელმწიფო სუბსიდია 169 მლნ ლარი იყო, საიდანაც 74 მლნ ლარი "ქართული ოცნების" შემწირველმა კომპანიებმა მიიღეს, რომლებსაც საანგარიშო პერიოდში 6.1 მლნ აქვთ შეწირული - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში წერია.

კვლევის თანახმად, საქართველოში ღვინის ბაზრის მთავარი მოთამაშეები მმართველ პარტიასთან და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან.

"მათი კომპანიები ყველაზე მეტად ხეირობენ ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდისგან. ერთის მხრივ, ეს კომპანიები ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებენ ათობით მილიონ ლარის სუბსიდიებს და სანაცვლოდ, მათი მფლობელები მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები არიან", - წერს TI.

10 კომპანიიდან, რომლებმაც 2023 წელს რუსეთში ყველაზე მეტი ღვინო გაიტანეს, 8 კომპანია „ქართულ ოცნების“ შემომწირველია. კომპანიის მფლობელებს და მმართველებს სახელისუფლებო პარტიისთვის 1.8 მლნ ლარი აქვთ შეწირული. ამავე დროს, 2 კომპანიაში მესაკუთრეები არიან ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ზაალ დუგლაძე. 2 კომპანიის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი ვახტანგ კარიჭაშვილია.

კვლევის მიხედვით, 2022 წელს სუბსიდირებაზე გამოყოფილი 96 მლნ ლარიდან 62 მლნ ლარი სახელმწიფო კომპანიამ, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“, ხოლო 24 მლნ ლარი „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიებმა მიიღეს.

შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ რთველის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი კომპანიაა, რომელიც გამარტივებული შესყიდვებით უფორმებს კომპანიებს კონტრაქტებს სხვადასხვა მომსახურების შესასრულებლად. შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მსხვილი კონტრაქტები ძირითადად „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს გაუფორმა, ესენია: შპს „უნივერსალ სპირიტს“, შპს „ყვარლის სარდაფი“, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, შპს „როქ ლოჯისტიკსი“, შპს „მეღვინეობა კაჭრეთი“, შპს „შატო მუკუზანი“ და შპს „წინანდალი-XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოები“.

კომპანია, რომლებმაც რთველის სუბსიდირების ფარგლებში 2022 წელს ყველაზე მეტი თანხა მიიღეს:

2023 წელს 91-მა კომპანიამ მიიღო სახელმწიფო დაფინანსება რთველის სუბსიდირების ფარგლებში. სუბსიდირების ჯამურმა თანხამ 25 მლნ ლარი შეადგინა. 91 კომპანიიდან 40 კომპანიის მფლობელები და/ან მმართველები „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. მათ „ქართულ ოცნებაზე“ 5.5 მლნ ლარი აქვთ შეწირული.

2023 წელს სუბსიდირებაზე გამოყოფილი 25 მლნ ლარიდან 8.8 მლნ ლარი სახელმწიფო კომპანიამ, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“, ხოლო 10.2 მლნ ლარი „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიებმა მიიღეს.

შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ გამარტივებული შესყიდვებით მსხვილი კონტრაქტები ძირითადად ისევ „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს გაუფორმა.

კომპანია, რომლებმაც რთველის სუბსიდირების ფარგლებში 2023 წელს ყველაზე მეტი თანხა მიიღეს

სახელმწიფო პროგრამები

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის მიწოდებული ინფორმაციით, 2017-2023 წლებში რომელმა კომპანიებმა მიიღეს დაფინანსება ერთიანი აგროპროექტების პროგრამიდან. საქსტატის ბიზნეს რეგისტრის დახმარებით, კვლევის ავტორებმა კომპანიების იდენტიფიცირება მოახდინეს, რომელთა ძირითადი საქმიანობა ღვინის წარმოებაა.

ერთიანი აგროპროექტების პროგრამიდან 2017-2023 წლებში დახარჯული 1.6 მლრდ ლარიდან ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა 169 მლნ ლარის დაფინანსება მიიღეს. 169 მლნ ლარიდან 74 მლნ ლარი იმ კომპანიებმა მიიღეს, რომელთა მფლობელებს და/ან მმართველებს „ქართული ოცნებისთვის“ აქვთ ფული შეწირული. აღნიშნულ კომპანიებთან დაკავშრებულ პირებს, ჯამში 6.1 მლნ ლარი აქვთ შეწირული „ქართული ოცნებისთვის“.

ერთიანი აგროპროექტების პროგრამიდან ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე გაცემული 169 მლნ ლარიდან 64 მლნ ლარი 20 კომპანიაზე მოდის.

კომპანია, რომლებმაც ერთიანი აგროპროექტების პროგრამიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღეს 2017-2023 წლებში

ერთიანი აგროპროექტების პროგრამის გარდა ღვინის მწარმოებელი კომპანიები ფინანსურ დახმარებას ასევე იღებენ სსიპ „აწარმოე საქართველოდან“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სსიპ „აწარმოე საქართველოდან“ დაფინანსებული საწარმოების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, მაგრამ საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღო.

bm.ge ეცდება დაუკავშირდეს ყველა კომპანიას, რომლებიც იღებენ სახელმწიფო თანხას და პარალელურად ფულს სწირავენ მმართველ პარტიას, თუ რამდენად არის კორელაცია მიღებულ სუბსიდიასა და შეწირულობებს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები