"ჩვენი მეღვინეები ამ ვითარების მძევლები არიან”- რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, რუსეთი ეკონომიკურ კავშირებსა და ღვინის ბაზარს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს ჩინეთმა რუსეთი ჩაანაცვლა, როგორც მეორე სავაჭრო პარტნიორმა, ქართული ღვინის, სპირტიანი სასმელებისა და მინერალური წყლების ექსპორტის დაახლოებით 60%-ზე მეტი კვლავ რუსეთზე მოდის, ხოლო ხორბლისა და მესლინის იმპორტი 99%-ით რუსეთზეა დამოკიდებული.
ჩეჩელაშვილი მეღვინეებს და ზოგადად ბიზნესს ექსპორტის დივერსიფიკაციას ურჩევს, რათა ერთ ბაზარზე დამოკიდებულება ერთ მესამედს არ აღემატებოდეს.
„ჩვენი მეღვინეები ახლა მძევლები არიან ამ ვითარების და ეს სავსებით მოსალოდნელი იყო იმიტომ, რომ ის ფაქტი, რომ რუსეთი იყენებს ეკონომიკურ კავშირებს თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ეს არ არის რაღაც სიურპრიზი. ეს ძალიან კარგად იცის უამრავმა ქვეყანამ, მათ შორის აზერბაიჯანმა, სომხეთმა, ბელორუსმაც კი, უნგრეთმა, ნორვეგიამ, ჩვენ ხომ ვიცით და ვიცით, ხომ? ამიტომ აქ არაფერი გასაკვირი არ არის.
ჩვენი დამოკიდებულების ხარისხი გაიზარდა რუსეთის ეკონომიკაზე და ბაზარზე, თუმცა წლევანდელი მონაცემებით რუსეთი აღარ არის უკვე ჩვენი მეორე სავაჭრო პარტნიორი, როგორც ცალკე აღებული ქვეყანა, ის ჩინეთმა ჩაანაცვლა და მათ შორის ჩვენი ექსპორტი ჩინეთში უკვე დაახლოებით უახლოვდება ჩვენი ექსპორტის დონეს რუსეთში, რაც არ არის ცუდი, მაგრამ ღვინის ექსპორტის დაახლოებით ორი მესამედი მიდის რუსეთის ბაზარზე, სპირტიანი სასმელების და მინერალური წყლების დაახლოებით 60% ასევე მოდის რუსეთზე და 100%-ით ჩვენ ვიძენთ რუსეთში მესლინს და ხორბალს, დაახლოებით 100 მილიონი დოლარით წელიწადში, რაც იმპორტის 99%-ია. ეს არის დამოკიდებულების კომპონენტები, რომელიც უნდა აღელვებდეს მთავრობას და აღელვებდეს მათ შორის ჩვენს შემთხვევაში ექსპორტიორებსაც.
ჩემი რჩევაა, რომ ნებისმიერი საექსპორტო ოპერაციების განხორციელების დროს არ უნდა იყოს ერთ მესამედზე მეტად დამოკიდებულება ერთ ბაზარზე, თუ რაოდენ მიმზიდველიც არ უნდა იყოს ის, განსაკუთრებით რუსეთის ბაზარი და ჩვენმა მეღვინეებმა ამ თვალსაზრისით სერიოზულად უნდა გადახედონ თავის საექსპორტო პოლიტიკას და მოახდინონ საკუთარი მიწოდების დივერსიფიცირება. სხვაგვარად ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდებიან. ყოველთვის იქნება რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად გამოყენებული ჩვენი ნებისმიერი ეკონომიკური დამოკიდებულება მათ ბაზარზე",-აცხადებს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში.
























