მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვას 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც ითხოვენ

განათლება

მოქალაქეები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ მოთხოვნით, რომ 2026-2027 სასწავლო წლის მსგავსად, გამონაკლისი 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც დაუშვან და პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა 6 წელს მიუღწეველ ბავშვებსაც მისცენ.

გამონაკლისის მიხედვით, მითითებულ პერიოდში დაბადებულ ბავშვებს პირველ კლასში სწავლის დაწყება მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით შეეძლოთ. მშობლები ალტერნატიულ გადაწყვეტასაც სთავაზობენ ხელისუფლებას: ბავშვის ჩარიცხვას მისი სასკოლო მზაობის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.

ამავე საკითხზე მშობლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ლაშხს და საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს წერილობით მიმართეს. სამინისტროდან მათ საჯარო ინფორმაციაც გამოითხოვეს. მშობლებს სურთ, გაიგონ რომელ კვლევას ეფუძნება კანონის ცვლილება და რა უარყოფითი შედეგები გამოავლინა სახელმწიფომ ცვლილებამდე მოქმედი წესის გამოყენების პერიოდში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მშობლები ითხოვენ:

1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, 2027/2028 სასწავლო წლისთვის, შენარჩუნებულ იქნეს „საგამონაკლისო წესი“, რომელიც 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობას მისცემს;

2. აღნიშნული ჩარიცხვა განხორციელდეს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ან კანონმდებლობით დადგენილი სკოლისთვის მზაობის შეფასების ობიექტური მექანიზმის გამოყენებით;

3. უზრუნველყოფილ იქნეს განათლების სისტემაში თანასწორი ხელმისაწვდომობის პრინციპი, რათა არ მოხდეს სოციალური მდგომარეობის საფუძველზე ბავშვების დისკრიმინაცია. მოვითხოვთ, საკანონმდებლო ორგანომ იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპით და არ დაუშვას ფორმალური რეგულაციებით ბავშვთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა“, – წერია პეტიციაში.

2026 წლის 4 თებერვალს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა. ცვლილების შედეგად, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება. ცვლილებამდე მშობელს უფლება ჰქონდა, სკოლაში შეეყვანა ბავშვი, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებოდა. 2026 წლის 1 აპრილს პარლამენტმა კანონს დაამატა 63¹² მუხლი, რომლითაც ეს უფლება ერთჯერადად, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წლისთვის შენარჩუნდა. 2027-2028 სასწავლო წლისთვის ანალოგიური ნორმა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები